ბარსელონიდან თბილისში: კიდევ რომელ ქვეყნებშია დაგეგმილი სპეცრეისები

საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებას ავიაკომპანია Myway Airlines შეასრულებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების დაცვით.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები ბარსელონიდან თბილისში მორიგი სპეცრეისით ოთხშაბათს დაბრუნდებიან – ავიარეისს კომპანია Myway Airlines განახორციელებს.

კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველომ 21 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა ავიამიმოსვლა სხვა ქვეყნებთან. დღეს ბარსელონა–თბილისის სპეცრეისით სამშობლოში 170 თანამემამულე დაბრუნდება.

თვითმფრინავები იფრენენ: საქართველო შიდა ფრენებს აღადგენს

„თვითმფრინავი ბარსელონაში 11:55 საათზე გაფრინდება. რეისს ქართული ავიაკომპანიის თვითმფრინავი Boeing 737-800 შეასრულებს. ხომალდი თბილისის აეროპორტში 22:25 საათზე დაბრუნდება", – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

სამშობლოში დაბრუნებული თანამემამულეები კვლავინდებურად 14-დღიან კარანტინს გაივლიან.

საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებას ავიაკომპანია Myway Airlines ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით განახორციელებს, ნათქვამია განცხადებაში.

ივლისში ასევე შესრულდება სამი სპეცრეისი ევროპის ქვეყნებიდან: 17 ივლისს – რომიდან, 22 ივლისს – პარიზიდან, 28 ივლისს – ათენიდან. ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 200 ევროზე მეტი არ იქნება. ფრენებს ევროპის ქალაქებიდან შეასრულებენ ავიაკომპანიები Myway Airlines და Wizz Air.

საქართველოს მთავრობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დანიშნულ ჩარტერულ რეისებს ნაწილობრივ, არაუმეტეს 261 ათასი ევროს ფარგლებში დაასუბსიდირებს.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. პანდემიის პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობით, სპეცრეისებით თანამემამულეთა სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნება უზრუნველყო. ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანია Georgian Airways ახორციელებდა. ბილეთის ღირებულება, რომელიც რეისამდე ორი დღით ადრე ონლაინ იყიდებოდა, 199 ევრო იყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, COVID-19-ის პანდემიის დროს სახელმწიფო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებით სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარა 13 ათასზე მეტ თანამოქალაქეს, ხოლო ადგილზე დახმარება აღმოუჩინა 22 500-ზე მეტ ადამიანს.