„ვიწყებთ კულტურის სფეროს დახმარებას“ – თბილისში კულტურული პროგრამების დაფინანსება იზრდება

დედაქალაქის მერმა კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი პრობლემების გადაჭრაში კულტურის სფეროს წარმომადგენლების დახმარება გადაწყვიტა.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. თბილისის ხელისუფლებამ დედაქალაქის კულტურის სფეროს დაფინანსების გაზრდა გადაწყვიტა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის 2020 წლის ბიუჯეტში კულტურის სფეროზე 36,6 მლნ ლარია გამოყოფილი. კალაძეს არ დაუზუსტებია, თუ რამდენით გაიზრდება დაფინანსება.

რა პირობებში იმუშავებენ თეატრები და მუზეუმები საქართველოში – შემუშავდა რეკომენდაციები>>

მერის განცხადებით, გაიმართა არაერთი შეხვედრა კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, მერიაში მოისმინეს მათი პრობლემები.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ სფეროს წარმომადგენლებს ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ჰქონდეთ. ერთ-ერთი მიმართულება კულტურის სფეროა, სადაც ბიუჯეტი გაიზრდება, რათა აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებს ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ, რომ ეს რთული პერიოდი, პანდემია... ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გაიარონ. შესაბამისად, ვიწყებთ მთელი რიგი პროგრამების განხორციელებას და დახმარებას, დაფინანსებას, რათა დედაქალაქში კულტურის სფეროს განვითარებას ხელი შევუწყოთ“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა რესტორნებისა და კლუბების მფლობელებს ყოველგვარი გადასახადის გარეშე ქალაქის ხელისუფლების საკუთრებაში არსებული ტერიტორიების დროებით სარგებლობაში გადაცემა შესთავაზა.

საქართველოში დღეიდან ღია სივრცეში მასობრივი ღონისძიებების ჩატარება ნებადართულია

„შეიძლება ეს იყოს შენობა-ნაგებობა, შეიძლება უბრალოდ ტერიტორია, სადაც შესაძლებელია ღია სივრცეში საკლუბო სცენის მოწყობა და პროექტების განხორციელება“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის კიდევ ერთ სასიხარულო ინფორმაციაზე ისაუბრა – პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ წელსაც გაიმართება.

მერის თქმით, ქართული პოპ-მუსიკის წარმომადგენლები ამ პროგრამის გამოყენებისა და კონცერტების გამართვის შესაძლებლობას მიიღებენ.

კალაძემ თავის მოადგილეს ანდრია ბასილაიას დაავალა, რომ კონკრეტული პროექტების დაფინანსების მიზნით კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია განაგრძოს.