დაღუპულია აზერბაიჯანელი გენერალი – ვრცელდება ღამით შეტევის ვიდეო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც, მათი განმარტებით, სომხურ პოზიციებზე შეტევაა ასახული.
Sputnik

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. სომხეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული სროლების შემდეგ თოვუზის რაიონში გენერალ-მაიორი ფოლად გაშიმოვი და პოლკოვნიკი ილგარ მირზიაევი დაიღუპნენ, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდობით.

„გენერალ–მაიორი ფოლად გაშიმოვი და პოლკოვნიკი ილგარ მირზაევი გმირულად დაეცნენ დილის ბრძოლებში“, — განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კარიმ ვალიევმა.

მისი თქმით, 13–14 ივლისის ღამით თოვუზის რაიონში გამძვინვარებული ბრძოლები გრძელდებოდა, შედეგად – „განადგურებულია მტრის დაახლოებით 100 მებრძოლი, დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და მნიშვნელოვანი ობიექტები“.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ YouTube-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც, მათი განმარტებით, სომხურ პოზიციებზე შეტევაა ასახული.

12 ივლისის დილით შეტაკება მოხდა აზერბაიჯანსა (თოვუზის რაიონი) და სომხეთს (ტავუშის ოლქი) შორის საზღვარზე. აღსანიშნავია, რომ ეს ტერიტორია, რომელიც საკმაოდ ახლოსაა საქართველოს საზღვართან, ასობით კილომეტრითაა დაშორებული არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან, სადაც ამ დროისათვის სიმშვიდეა.

მოიერიშე დრონები სომხეთში, განადგურებული პუნქტები აზერბაიჯანში: ვრცელდება ვიდეო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომეხმა სამხედროებმა მათი პოზიციები დაცხრილეს, ხოლო სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები არტილერიის დახმარებით ცდილობდნენ სომხური საყრდენი პუნქტის მიტაცებას.

ბაქოს ინფორმაციით, ბრძოლებში დაიღუპა ოთხი აზერბაიჯანელი სამხედრო, ხოლო ერევანი უარყოფს მათი მხრიდან დაღუპულების არსებობას და აცხადებს, რომ შეტაკებისას ორი პოლიციელი და სამი სამხედრო დაიჭრა.

აღსანიშნავია, რომ სროლები გაგრძელდა ორშაბათსაც. კერძოდ, ერევანი აცხადებდა, რომ ბაქო 15–20 წუთიანი ინტერვალით ცხრილავდა ტერიტორიას, ხოლო ბაქო სომხურ მხარეს აბრალებს სროლების წარმოებას.