COVID-19 - ბოლო ცნობები

სომხეთს საქართველოს გავლით თავისი მოქალაქეების ავტომობილებით დაბრუნებაზე მოლაპარაკება სურს

თუმცა ეს საკითხი მხოლოდ სომხეთზე არ არის დამოკიდებული, ამიტომ მოლაპარაკებები ქართველ და რუს კოლეგებთან გრძელდება
Sputnik

თბილისი, 13 ივლისი - Sputnik. სომხეთის ხელისუფლება ქართველ და რუს კოლეგებთან მოლაპარაკებას აწარმოებს თავისი მოქალაქეების პირადი ავტომობილებით სამშობლოში დაბრუნების საკითხზე, იუწყება Sputnik-სომხეთი სომხეთის ვიცეპრემიერის, ტიგრან ავინიანის განცხადებაზე დაყრდნობით.

სომხეთი ლარსის ალტერნატივის იმედს არ კარგავს

ამ საკითხის მოგვარების თხოვნით პრემიერს მიმართა ფრაქცია „განათლებული სომხეთის“ ხელმძღვანელმა ედმონ მარუკიანმა. მისი თქმით, სომხეთის მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნება საჭიროა არა მხოლოდ ჩარტერული რეისებით - მათ საკუთარი ავტომობილებით დაბრუნების შესაძლებლობაც უნდა მიეცეთ. ამგვარად ისინი, ყველაფერთან ერთად, მეტი ქონების წამოღებასაც შეძლებენ, ხაზი გაუსვა მარუკიანმა.

სომხეთის მხარე ყველა ღონეს ხმარობს, რათა საქართველომ და რუსეთმა თავიანთ ტერიტორიაზე გაატარონ სომხური ავტომობილები, აღნიშნა ავინიანმა. ასეთი მოლაპარაკებები პერიოდულად იმართება, დასძინა მან.

„ჩვენ ვცდილობთ ამ საკითხის ეტაპობრივად მოგვარებას. უბრალოდ ის მოიცავს მრავალ კომპონენტს, რომელიც მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული“, - ხაზი გაუსვა ვიცეპრემიერმა.

აღსანიშნავია, რომ სატვირთო მანქანების გადაადგილება სომხეთის საზღვარზე შეზღუდული არ არის.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამოცხადების დღიდან სომხეთში ჩარტერული რეისებით დაბრუნდა 40 ათასამდე მოქალაქე. ანალოგიური რეისები დაინიშნა სომხეთიდან რუსეთის მოქალაქეების გასამგზავრებლადაც.