ქართველი ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატში 12 წლის განმავლობაში პირველად ასპარეზობს

„ლევანტეში“, სადაც ქართველი ფეხბურთელი გასული წლის ივლისში გადავიდა, ის დუბლში ასპარეზობს, თუმცა ძირითადი გუნდის განაცხადში არაერთხელ მოხვდა.
Sputnik

თბილისი, 13 ივლისი - Sputnik. ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი 12 წლის განმავლობაში პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის „პრიმერა-დივიზიონის“ მატჩში ითამაშა.

ქოჩორაშვილი 36-ე ტურის მატჩში ბილბაოს „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ „ლევანტეს“ შემადგენლობაში 89-ე წუთზე შეცვლაზე გამოვიდა. 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა რუბენ როჩინა შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ქოჩორაშვილმა მოედანზე დამატებითი დროის ჩათვლით სულ 6 წუთი დაჰყო, „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებისთვის ტექნიკური მოთამაშე შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, „ლევანტემ“ ანგარიშით 1:2 წააგო.

გამარჯვებულის „ლეკური“ – ქართველი ფეხბურთელი პოლონეთის ჩემპიონია

ბოლო ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობდა, შოთა არველაძე იყო. 2007/2008 წლების სეზონზე „პახტაკორის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი სწორედ „ლევანტეს“ ფერებს იცავდა.

„დიდი ხნის პაუზის შემდეგ, გამახარა ქართველის გამოჩენამ ლა ლიგაში. თანაც იმ გუნდში, სადაც კარიერა დავასრულე. საუკეთესოს ვუსურვებ გიორგის ლევანტეში და იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს“, - დაწერა არველაძემ თავის Facebook-გვერდზე.

ქოჩორაშვილმა კარიერა „საბურთალოს“ აკადემიაში დაიწყო, რომლის შემდეგ ესპანურ კლუბ „პერალადაში“ გადავიდა. გასული წლის ივლისში ქართველი ნახევარმცველი შეუერთდა „ლევანტეს“, სადაც დუბლში ასპარეზობდა, თუმცა ძირითადი გუნდის განაცხადში არაერთხელ მოხვდა.

ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ლევანტე“ 43 ქულით მე-12 ადგილს იკავებს.