თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. „ტყის ძმების“ ყოფილი ლიდერის დათო შენგელიას შვილის, 38 წლის დადუ შენგელიას დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.
სპეცოპერაცია ზუგდიდში დღეს რამდენიმე საათს მიმდინარეობდა.
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შენგელია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები - „მეტადონი” და „ლირიკა” ამოიღეს.
ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6785 აშშ დოლარი და 500 ევრო.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.