უსაფრთხოა თუ არა ზღვაზე დასვენება: სპეციალისტები გვაფრთხილებენ

რეკომენდაციების მიხედვით, პლაჟები უნდა დაიყოს ზონებად, ფეხით მოსიარულეთათვის უნდა მოეწყოს ბილიკები, საშხაპეები და სანიტარული კვანძები უნდა დასუფთავდეს არანაკლებ ორსაათიანი ინტერვალებით
Sputnik

თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. ზღვა არის უსაფრთხო, ამ ეტაპზე არსებული ყველა სამეცნიერო კვლევა გვეუბნება, რომ წყლიდან დაინფიცირების რისკი ნულის ტოლია,  განაცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.

მისი განცხადებით, უამრავი ჩატარებული სამეცნიერო კვლევის მიხედვით,  ზღვიდან კორონავირუსული ინფექციის გადადების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და წყლიდან დაინფიცირების რისკი ნულის ტოლია.

გოგინავას თქმით, გათვალისწინებული უნდა იყოს სანაპიროზე უსაფრთხოების ზომების მიღება, მათ შორის  ფიზიკური დისტანცირება.

„აუცილებელია, დავიცვათ ფიზიკური დისტანცირება. ადამიანთა ჯგუფებს შორის უნდა იყოს 2,5-3 მეტრიანი დისტანცია. ეს გამოიწვევს იმას, რომ სანაპიროზე დაინფიცირების რისკებს შევამცირებთ“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
როდესაც დასვენების გეშინია

ასევე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ დასვენება საფრთხის შემცველი არ არის.

„ის, რომ ადამიანმა ზღვაზე დაისვენოს, იბანაოს და გაერთოს, აბსოლუტურად არ არის სარისკო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის წესები, რომლებიც საკურორტო ადგილებში გართობასა და დასვენებას უკავშირდება, იგივე კაფე-ბარებში, რესტორნებში და სასტუმროებში დაწესებული წესები“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ზღვის სანაპირო ზოლისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე  შეიმუშავა.

რეკომენდაციების თანახმად, სანაპიროს ტერიტორიაზე თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. სასურველია, განისაზღვროს სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკები. შესაძლებლობის შემთხვევაში პლაჟები უნდა დაიყოს ზონებად. პერიოდულად უნდა განხორციელდეს სანაპირო ზოლის დასუფთავება ნარჩენებისგან, რომელიც ერთჯერადი პარკებით დახურული სახით ნაგავსაყრელ ყუთებში უნდა განთავსდეს. სანაპირო ზოლის დასუფთავებაში მონაწილე პირი აღჭურვილი უნდა იყოს ხელთათმანებით, სახის დამცავი ფარით ან ნიღბით.

ციხისძირი, ერთ-ერთი ზრაპრული ადგილი საქართველოში: რჩევები მოგზაურობის მსურველებს >>

ასევე შემუშავდა მოთხოვნები ღია სივრცეში განთავსებული საშხაპეებისა და საპირფარეშოებისთვის. მაგ., სანიტარიული კვანძების და საშხაპეების დალაგება/დასუფთავება/დეზინფიცირება განხორციელდეს დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ ორსაათიანი ინტერვალებით და ა.შ.