თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობა კმაყოფილია კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლისას მთავრობის მიერ მიღებული ზომებით, ნათქვამია Gallup International-ის კვლევაში, რომელიც ტელეარხ Imedi-ს ეთერში წარმოადგინეს.
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/10 ივლისი >>
Gallup-ის დაკვეთით საქართველოში კვლევა ჩაატარა ქართულმა კომპანია „გორბიმ“, რომელმაც 7-12 ივნისს დაახლოებით 1000 რესპონდენტი ტელეფონით გამოკითხა. ამ გამოკითხვის ცდომილებაა +/-2,5%.
გამოკითხვის მიხედვით, საქართველოში გამოკითხულთა 95% მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემია კონტროლს ექვემდებარება და 17 ქვეყანაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ბულგარეთი, სადაც ამაში დარწმუნებულია მოსახლეობის 72%.
ასევე, საქართველომ და მალაიზიამ გაიყვეს მოწინავე პოზიცია იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ მათი ხელისუფლება კარგად უმკლავდება კორონავირუსის პანდემიას - გამოკითხულთა 94%. ამ გამოკითხვაში მეორე ადგილზეა კორეის მოსახლეობა, რომელთა 84% მთავრობის მუშაობას დადებით აფასებს.
თუმცა, საქართველოში საკმაოდ ბევრია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც პანდემიის ეკონომიკურმა შედეგებმა დააზარალა. იმის შესახებ, რომ პანდემიის გამო შეუმცირდათ შემოსავლები, გამოკითხულთა 74%-მა განაცხადა. ამ მაჩვენებლით საქართველო მეეექვსე ადგილზე აღმოჩნდა. ამ კუთხით ყველაზე უარესი მდგომარეობაა ინდოეთში, ფილიპინებზე, პაკისტანში, მალაიზიაში და ყაზახეთში.
თუმცა გამოკითხულთა 63% დარწმუნებულია, რომ წლის ბოლომდე ყველაფერი მოგვარდება და ეს ყაზახეთის შემდეგ მსოფლიოში მეორე მაჩვენებელია.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისათვის სულ 981 შემთხვევა დადასტურდა.
პანდემიის პერიოდში საქართველოში 846 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი.