მეორდება 16 დღეში ერთხელ: ასტრონომებმა იდუმალი კოსმოსური სიგნალი დააფიქსირეს

მეცნიერების თქმით, ღრმა კოსმოსიდან მიღებულ სიგნალს იმდენი ენერგიის გამოყოფა შეუძლია, რამდენიც ასობით მილიონ მზეს.
Sputnik

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ასტრონომების საერთაშორისო გუნდმა დააფიქსირა მძლავრი სიგნალი კოსმოსიდან, რომელიც დედამიწაზე ყოველ 16 დღეში ერთხელ მოდის, იუწყება Science Alert.

ათი წელი ერთ საათში: NASA მზის აქტივობის საინტერესო ვიდეოს აქვეყნებს

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია იდუმალ სიგნალებზე, რომლებსაც ასტრონომები უკვე რამდენიმე წელია იღებენ და რომლებსაც საერთო სახელად Fast radio burst (FRB) ეწოდა.

ირკვევა, რომ ეს უკიდურესად მძლავრი ნათებაა რადიოსიხშირულ სპექტრში, რომელიც რამდენიმე მილიწამის განმავლობაში გრძელდება. მიუხედავად ესოდენ ხანმოკლე „სიცოცხლისა“, მეცნიერები ამბობენ, რომ ნათება იმდენივე ენერგიას გამოყოფს, რამდენსაც ასობით მილიონი მზე გამოყოფდა.     

ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ ეს სიგნალები, როგორც წესი, უნიკალურია და მათი უმეტესობა არ მეორდება. ამ ხნის განმავლობაში 150-ზე მეტი ცნობილი FRB-დან მხოლოდ ათი მათგანი გამეორდა. სწორედ ამიტომ მეცნიერებმა მხოლოდ რამდენჯერმე შეძლეს მიედევნებინათ მათთვის თვალი პოტენციურ წყარომდე — ღრმა კოსმოსში განლაგებულ გალაქტიკებამდე.

ასტროფიზიკოსებმა დაადგინეს: ჩვენს გალაქტიკაში ათობით გონიერი ცივილიზაცია არსებობს

ერთ-ერთი ასეთია ანომალური სიგნალი სახელწოდებით FRB 180916.J0158+65, რომელიც უცნაურად მისდევს გარკვეულ ციკლს. ასტრონომებმა დაადგინეს, რომ უცნობი წყარო ოთხი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ უშვებს ერთ ან ორ ნათებას საათში ერთხელ, შემდეგ კი 12 დღე „ისვენებს“. ამასთან, ყოველი მომდევნო ნათება წინაზე სუსტია.

ინტერვალის გამოთვლა მეცნიერებმა კანადის ობსერვატორიაში შეძლეს, საიდანაც აკვირდებოდნენ კიდეც სიგნალებს 409 დღის განმავლობაში. მათი აზრით, 16,35-დღიანი ინტერვალი შესაძლოა რაღაც ობიექტის ორბიტული პერიოდი იყოს, რომელიც დედამიწისკენ თავისი ორბიტის მხოლოდ ნაწილითაა მოქცეული.

მეცნიერების თქმით, მოცემული ობიექტი სპირალური გალაქტიკის კიდეზე მდებარეობს და დედამიწიდან 500 მლნ წლითაა დაშორებული.