რომელი ქვეყნების აეროპორტებს ამოიღებენ NOTAM-ის სიიდან: გახარია სამომავლო გეგმებზე

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთათვისაც საქართველო საზღვრებს ეტაპობრივად გახსნის, ყოველ ორ კვირაში გადაიხედება.
Sputnik

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ევროკავშირის მიერ საქართველოს ჩართვა 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში, ერთი მხრივ შრომის, მეორე მხრივ კი პასუხისმგებლობის შედეგია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

„პროცესს გავაკონტროლებთ“ - ტიკარაძემ საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

პრემიერის თქმით, საქართველო იქნება ფრთხილი, მაგრამ თანმიმდევრული, როგორც ადრე და ყოველთვის პირველ ადგილზე მოქალაქეებისა და სტუმრების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, ასევე ეკონომიკის შემდგომ აღორძინებას დააყენებს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა თანმიმდევრულ ნაბიჯებს აგრძელებს, რომლის შედეგიც ხუთი პარტნიორი ქვეყნისთვის საქართველოს საზღვრების გახსნაა.

„ეს უზარმაზარ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების, ასევე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წინაშე. ამიტომ თანმიმდევრულად ვდგამთ ფრთხილ ნაბიჯებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი დავალების თანახმად გამართა მოლაპარაკებები და, შედეგად, ხუთ პარტნიორ ქვეყანას ყველანაირი პირობების გარეშე სარკისებურად დავუწესეთ ზუსტად იგივე პირობები, როგორიც მათ, და საქართველოს საზღვრები იქნება ღია – ეს ეხება პირდაპირ ფრენებს", – განაცხადა გახარიამ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრო ინსტრუქციების შესაბამისად ევროპულ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა რაც შეიძლება მალე აღდგეს პირდაპირი რეისები.

თურნავა: არ მივიღებთ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას, რომ უახლოეს პერიოდში გავხსნათ ფრენები

„დღეს ჩვენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გვექნება ის, რომ რამდენიმე ქვეყნის აეროპორტს ამოვიღებთ NOTAM-ის (NOtice To AirMen) გავრცელების არეალიდან, რაც ნიშნავს შეზღუდვებს საერთაშორისო ფრენებზე", – განაცხადა გახარიამ.

გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ მოგზაურობისთვის თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალი ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება.

„ვიდრე ეს მოხდება და ეს მოხდება მომავალში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქართული ავიაკომპანიები, ისევე, როგორც უცხოური ავიაკომპანიები, განაახლებენ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ გამოყვანას სხვადასხვა დედაქალაქიდან, რაც ერთმნიშვნელოვნად სოციალურ პროექტს წარმოადგენს. ეს ვალდებულება და ეს პროგრამა გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იქნება მოთხოვნა, რომელსაც აფიქსირებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ორ კვირაში ერთხელ მოქალაქეების მოგზაურობის პირობები და უსაფრთხო ქვეყნების სია გადაიხედება, რადგანაც ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს პანდემიის გლობალური გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამ დროისათვის საქართველომ საზღვრები გახსნა ევროკავშირის ხუთი ქვეყნის – გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის მოქალაქეებისთვის. საქართველოს მოქალაქეებისთვის საკუთარ საზღვრებს ეტაპობრივად ხსნიან ევროპის ქვეყნებიც.