თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. სუროგაციის ცენტრ New Life-ის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ ბიძაშვილს, თელავის საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატს მიხეილ გრემელაშვილს ცოლ-შვილზე ძალადობაში ამხელს.
როგორც კუკუნაშვილი წერს, აქამდე ნათესავების ხათრით ხმას არ იღებდა, თუმცა ამაზე გაჩუმება დანაშაულია, რადგან ძალადობა წლებია გრძელდება.
„უფროს გოგოს სუიციდის მცდელობა ჰქონდა, რომლის წინ წერილი დაწერა, არ დამმარხოთ, თეთრ ზეწარში გამახვიეთ და ისე გადამაგდეთ, ისეთ ჯოჯოხეთში ვცხოვრობ, მეტს არც ვიმსახურებო. ფსიქოლოგებთან ტარების შემდეგ ძლივს გამოვიდა ბავშვი დეპრესიიდან. ბავშვები ამჟამად, ამ წუთებში პოლიციაში იმყოფებიან დაკითხვაზე და ისეთებს ყვებიან მამაზე, გაგიჟდებით“, – წერს კუკუნაშვილი.
მიხეილ გრემელაშვილი 2017 წლის 14 ნოემბრიდან დღემდე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. არსებული ინფორმაციით, მან თავდაპირველად კენჭი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატად იყარა, თუმცა 2018 წელს ეს პარტია დატოვა და ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსში“ გადავიდა.
თელავის საკრებულოს წევრი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გარდა ძალადობისა, მას ედავებიან ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვას.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. თავის სახელზე რეგისტრირებული „ტეტეს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე. სამართალდამცველებმა მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „კალაშნიკოვის“ სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა–151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.