სიცარიელეების შევსება - მედია და ოპოზიცია ახალ კანონპროექტს „წარმოუდგენელს“ უწოდებენ

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულმა კანონპროექტმა როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის მკვეთრად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია
Sputnik

თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტი მომდევნო კვირას რიგგარეშე სესიაზე განიხილავს ცვლილებებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში.

როგორც საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, ინიციატორების - მთავრობის ადმინისტრაციისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის - თხოვნით, პროექტების განხილვა დაჩქარებული წესით მოხდება.

ოპოზიციამ და მასმედიამ კანონპროექტი საკომიტეტო მოსმენების სტადიაზევე გააკრიტიკეს და ხელისუფლების ახალი ინიციატივა შეაფასეს, როგორც მედიაზე ზეწოლის, ცენზურის დაწესებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ინიციატივა მიმართულია მხოლოდ საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრისაკენ ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების მართვის სფეროში და არ ეხება უშუალოდ მედიას.

საკანონმდებლო ინიციატივა

შემოთავაზებული შესწორებების თანახმად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონს დაემატება ახალი მუხლი - „კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების სპეციალური ღონისძიებები“.

კერძოდ, აღნიშნული მუხლი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ანიჭებს უფლებამოსილებას, კომპანიაში, რომელიც მომხმარებლებს ელექტრონული კომუნიკაციების სერვისს სთავაზობს, არაუმეტეს ორი წლის ვადით დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესაბამისად, ჯერ კიდევ შესაძლებელია კომისიის სამართლებრივი აქტების სასამართლოში გასაჩივრება, თუმცა სასამართლოს მიერ სარჩელის მიღება უკვე აღარ იქნება ამ აქტების მოქმედების შეჩერების წინაპირობა. ცვლილებები შედის მოქმედი კანონის მერვე მუხლის მეშვიდე პუნქტში.

საქართველოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ცდილობენ?

ოპოზიციისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მასმედიის წარმომადგენლები მთავრობის ინიციატივას აფასებენ, როგორც ცენზურის დაწესებისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას და მას საქართველოს კონსტიტუციასთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამოს უწოდებენ.

კოალიცია  „მედიის ადვოკატირებისთვის“, რომელიც აერთიანებს ათზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას, თავის განცხადებაში უთითებს, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით „კომისიას ენიჭება განუსაზღვრელი ძალაუფლება მიღებული გადაწყვეტილებების ამოქმედებით და რეგულირების სფეროს დაქვემდებარებული სუბიექტების მართვის (სპეციალური მმართველის დანიშვნა)  და წილის გასხვისების უფლების მეშვეობით“.

„კომუნიკაციების კომისია შეძლებს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ბერკეტების გამოყენებით მიიღოს ყველა გადაწყვეტილება მედიის გავრცელების, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის, სარეკლამო მომსახურების და შრომითი უფლებების გადაწყვეტის საკითხებზეც კი“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

ოპოზიციურ-ქალური სოლიდარობა - ნინო ბურჯანაძემ ეკა ბესელიას ინიციატივას მხარი დაუჭირა

კოალიცია პარლამენტს მოუწოდებს, არ დაამტკიცოს კანონპროექტი, დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს კი - დაეხმარონ არასამთავრობო სექტორს მასმედიის თავისუფლების დაცვაში.

„ორი ნაბიჯი დიქტატურისკენ“

მაუწყებლებმა მთავრობის საკანონმდებლო ცვლილებებს უწოდეს „ორი ნაბიჯი დიქტატურისკენ“ და „ქართული ოცნების“ სურვილი, მათ გარეშე ჩაატარონ მოახლოებული არჩევნები.

„ამ კანონპროექტის ინიცირება და, რაც მთავარია, დაჩქარებულად განხილვის მოთხოვნა, სხვა არაფერია, თუ არა მიზანი, გააკონტროლონ არჩევნების წინ მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია, რაც შეიძლება მეტად შეზღუდონ კრიტიკული აზრი მედიაში და საერთოდ, გათავისუფლდნენ სიტყვის თავისუფლებისგან“, - განაცხადა მედიაექსპერტმა ნინო დანელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებებს „დიქტატურის დაკანონება“ უწოდა.

„წინასაარჩევნო ვნებანი“: „ნაცმოძრაობა“ „ოცნების“ წინააღმდეგ სარჩელის შეტანისთვის ემზადება

„ეს არის წარმოუდგენელი კანონი. ფაქტობრივად, როგორც მაუწყებლებს, ასევე კომუნიკაციის სხვა საშუალებებს, უნიშნავენ ისეთ ზედამხედველს, რომელიც გამოყენებული იქნება პირდაპირ რეპრესიული მიზნებისთვის. შეუძლია, ნებისმიერი კომერციული სტრუქტურა, რომელიც კომუნიკაციის სფეროში არის დასაქმებული, გააჩეროს, დაუნიშნოს საკუთარი მმართველი ორი წლის განმავლობაში. განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, მათ შორის, ჩაერიოს ფინანსურ საქმიანობაში, აქციებიც კი გაუყიდოს. ბუნებრივია, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევაც შეუძლია. კომუნიკაციის მარეგულირებელ კომისიას შეუძლია, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე აღასრულოს ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება მაუწყებელთან დაკავშირებით“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ.

პასუხი კრიტიკაზე

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები არ უკავშირდება მედიას და მაუწყებლობებს და საკანონმდებლო ინიციატივა მიმართულია „საკანონმდებლო ხარვეზების გამოსწორებისკენ ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების მართვაში“.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ცვლილებები არ ეხება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს და, შესაბამისად, კავშირი არ აქვს მედიასთან და ტელევიზიებთან. აღსრულების ეფექტური მექანიზმის შესახებ ცვლილებები, კანონპროექტის მიხედვით, ეხება მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ ელექტრონული კომუნიკაციების კანონით ავტორიზებულ პირებს და კავშირი არ აქვს მაუწყებლებთან“, - აღნიშნულია კომისიის განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიც არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, საოპერაციო ტექნიკური რესურსები, მთლიანად ელექტრონული კომუნიკაციებისთვის საჭირო რესურსები, რომელიც უზრუნველყოფს ფიქსირებულ ინტერნეტ- და მობილურ მომსახურებებს.

„რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას, აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის თანმდევ დაზუსტებას“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.