მსოფლიო დღეს

კანიე უესტის შანსები პრეზიდენტის პოსტზე: ექსპერტების შეფასება

მანამდე ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა განაცხადა, რომ სურს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
Sputnik

თბილისი, 8 ივლისის — Sputnik. ამერიკელი რეპერი კანიე უესტი, რომელსაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს, შესაძლოა არაერთ დაბრკოლებას გადააწყდეს, იუწყება Reuters-ი.

აშშ-ის პრეზიდენტის პოსტის დაკავების სურვილი უესტმა ორიოდე დღის წინ გამოთქვა, რათა „ამერიკის იმედები განახორციელოს ღმერთის იმედით“. ამის შესახებ მან საკუთარ Twitter-ზე დაწერა.

​Reuters-ი წერს, რომ საარჩევნო ბიულეტენებში დონალდ ტრამპისა და დემოკრატების ყველაზე სავარაუდო კანდიდატის ჯო ბაიდენის გვერდით მოსახვედრად უესტს სწრაფად მოქმედება მოუწევს.

ვირჯინიის უნივერსიტეტის პოლიტიკის ცენტრის დირექტორს ლარი საბატოს მიაჩნია, რომ სერიოზული საარჩევნო კამპანიის ჩატარების შემთხვევაშიც კი კანიე უესტის შედეგები მხოლოდ რამდენიმე პროცენტი იქნება და ახლოსაც კი ვერ მივა ტრამპისა თუ ბაიდენის შედეგებთან.

ექსპერტების უმეტესობას მიაჩნია, რომ უესტი იქნება ეს თუ ვინმე სხვა, მან უკვე გაუშვა ხელიდან საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის შანსი.

​აღსანიშნავია, რომ მუსიკოსის გადაწყვეტილებას, წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე, მხარს უჭერს კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი. მისი თქმით, უესტს შეუძლია მისი დახმარების იმედი ჰქონდეს.