თბილისი, 8 ივლისის — Sputnik. ამერიკელების მიერ მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღის შექმნა ზრდის ბირთვული ომის დაწყების საფრთხეს, განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეარაღების კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა ფუ ცუნმა.
მისი თქმით, გარდა იმისა, რომ მცირე სიმძლავრის ჭურვების არსებობა მათი გამოყენების ზღურბლს ამცირებს, ის ასევე ზრდის აშშ-ის ბირთვულ არსენალს.
„ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადოთ, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება გამორიცხულია და ასეთი ომები არასდროს არ უნდა დაიწყოს“, — აღნიშნა ცუნმა.
ამასთან, დეპარტამენტის დირექტორმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ბირთვული შეიარაღება ბევრად აღემატება ჩინეთისას, თუმცა ვაშინგტონი კიდევ მეტად აპირებს ამ სხვაობის გაზრდას.
- „აშშ-ის ბირთვული არსენალი დაახლოებით 5800–6000 ქობინია, რაც ოცჯერ მეტია ჩინეთის არსენალზე... აშშ აპირებს 500 მლრდ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს შემდგომ 10–20 წელიწადში, ხოლო კიდევ 30 წლის განმავლობაში — 1,2 ტრილიონი დოლარისა“, — განმარტა ფუ ცუნმა.
მისი თქმით, ამ ფონზე ჩინეთის მიწვევა სამმხრივ მოლაპარაკებებში — ეს არის საბაბი იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა „ხელ-ფეხი გაიხსნას სამხედრო დომინირების მისაღებად“.
დიპლომატმა განმარტა, რომ ჩინეთის უარი, მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ მოლაპარაკებებში, სულაც არ ნიშნავს მის გასვლას ბირთვული შეიარაღების საერთაშორისო პროცესიდან.