მოსახლეობას კომუნალური მომსახურებისთვის ზედმეტად გადახდილი თანხები აუნაზღაურდა

მარეგულირებელი კომისია კვლავ იზრუნებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე
Sputnik

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) 2019 წელს გადაუხადა კომპენსაცია იმ მოქალაქეებს, რომელთა სამომხმარებლო უფლებები კომუნალური კომპანიების მხრიდან დაირღვა, განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ რეგულატორის წლიური ანგარიშის პრეზენტაციისას.

ნარმანიამ ისაუბრა კორონავირუსის პანდემიის დროს კომისიის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე: მრიცხველების დისტანციური წაკითხვის რეჟიმზე, ქოლ-ცენტრის სამუშაო საათების გახანგრძლივებაზე, დისტანციური მომსახურების გამარტივებულ პროგრამებზე, სადეპოზიტო შეღავათებზე.

საქართველოს მოქალაქეებს კომუნალური გადასახადების შეღავათებზე უარის თქმა შეუძლიათ >>

„2019 წელს კომპანიების მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო, სემეკის გადაწყვეტილებებით მოქალაქეებს დაერიცხათ კომპენსაციები, რამაც ჯამურად 818 235 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, მოქალაქეებს ჩამოეწერათ კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები, ჯამში - 2 122 865 ლარი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ახალი რეფორმები

ნარმანიამ 2020 წელს ენერგეტიკული სექტორის რეფორმირების წელი უწოდა. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონიდან გამომდინარე კომისია მიმდინარე წელს ათობით ნორმატიული აქტის მიღებას გეგმავს.

„სემეკი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ახალი რეგულაციის დანერგვაზე. დღემდე კომისიამ შეიმუშავა და დაამტკიცა დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი, ინვესტიციების შეფასების, ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების, ლიცენზირებისა და ენერგეტიკული საქმიანობის, სადავო საკითხების განხილვის წესები“, - განაცხადა ნარმანიამ.

ამავე დროს, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებლების უფლებები, მეორე მხრივ, კომუნალურ კომპანიებს ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ მაღალი ხარისხის მომსახურება გაუწიონ აბონენტებს.