როდის გაიმართება საქართველო-რუსეთის მატჩი რაგბიში

მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის ამ წლის 14 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა COVID-19-ის პანდემიის გამო ის გაურკვეველი ვადით გადაიდო.
Sputnik

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების მატჩი რაგბიში ევროპის ერთა თასის დასკვნითი ტურის ფარგლებში შეიძლება 31 ოქტომბერს გაიმართოს. ამის შესახებ რუსეთის რაგბის ფედერაციის დირექტორმა სერგეი მარკოვმა განაცხადა.

„ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის, მაგრამ Rugby Europe-ს აქვს წინასწარი პროექტი, რომლის თანახმად ევროპის ჩემპიონატის მატჩები 31 ოქტომბერს გაიმართება. მაგრამ ყველაფერი Rugby Europe-ის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. Rugby Europe ერთი კვირის წინ შეიკრიბა, მაგრამ ჯერ არაფერი გადაუწყვეტია. როგორც ჩანს, გადაწყვეტილებას ივლისის შუა რიცხვებში მიიღებენ", – განუცხადა მარკოვმა РИА Новости-ს.

საქართველომ რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს შეიძლება მეორედ უმასპინძლოს

თავდაპირველად მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის მიმდინარე წლის 14 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა COVID-19-ის პანდემიის გამო ის გაურკვეველი ვადით გადაიდო. სატურნირო თვალსაზრისით ქართული გუნდისთვის ამ შეხვედრას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის ევროპის ერთა თასის გამარჯვებული ვადამდე გახდა – ზედიზედ მესამედ და მეთორმეტედ ისტორიის განმავლობაში.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები რაგბიში ერთმანეთს 23-ჯერ შეხვდნენ. რუსეთმა ერთადერთხელ გაიმარჯვა ქართველ მორაგბეებთან, ერთხელ თამაში ფრედ დასრულდა, დანარჩენ შემთხვევებში კი შეხვედრები საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირების საერთო ანგარიშია 579:260.