COVID-19 - ბოლო ცნობები

ესტონეთი საზღვრებს ხსნის – რა პირობები უნდა დააკმაყოფილონ საქართველოს მოქალაქეებმა

საქართველოდან ესტონეთში გამგზავრების მსურველებმა უნდა დააკმაყოფილონ შენგენის ზონის ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლის პირობები.
Sputnik

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ესტონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის საკუთარ საზღვრებს ხსნის, იუწყება ესტონეთში საქართველოს საელჩო.

ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე ესტონეთში მოგზაურობას შეძლებენ ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიაში შესული 14 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები.

ამასთან, საქართველოდან ესტონეთში გამგზავრების მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს შენგენის ზონის ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლის პირობებს. 

საქართველო ევროკავშირთან ტურიზმის თემაზე მოლაპარაკებებს იწყებს

„ლოკდაუნის“ შემდეგ ესტონეთის ტერიტორიაზე შესვლისას მოთხოვნები ასეთია: საზღვრის კვეთისას პირს არ უნდა აღენიშნებოდეს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები; იმ შემთხვევაში, თუ პირი ესტონეთში შედის იმ ქვეყნიდან, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 ათას მოსახლეზე 16 ინფიცირებულს აჭარბებს, მაშინ იგი 14-დღიან სავალდებულო იზოლაციას ექვემდებარება, ნათქვამია ტალინში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ სამთავრობო ვებ-გვერდის ინფორმაციით, ესტონეთში ინფიცირების 1994 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 69 ადამიანი.

გასულ კვირაში ევროკავშირმა საქართველო იმ 15 ქვეყნის ჩამონათვალში შეიყვანა, რომელთათვისაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საზღვრების გახსნის რეკომენდაციას აძლევს.

საქართველოსთან ერთად, სიაში შესული არიან: ავსტრალია, კანადა, იაპონია, მაროკო, სამხრეთ კორეა, ალჟირი, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და ჩინეთი. ამასთან, ჩინეთთან მიმართებით დამატებულია პირობა, რომ საპასუხოდ მანაც უნდა გახსნას საზღვრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

საქართველოს მოქალაქეებისთვის საკუთარი საზღვრების გახსნის შესახებ უკვე განაცხადეს ნიდერლანდებმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, უნგრეთმა და ევროკავშირის კიდევ რამდენიმე ქვეყანამ.