ზურაბიშვილი: ქვეყნის მომავალი აბიტურიენტების ხელშია

აბიტურიენტები დღეს პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. სულ ქვეყანაში 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.
Sputnik

თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან მიულოცა, რომელიც ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაშია მოწყობილი. 

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება. საგრანტო კონკურსი 25 ივლისს, სამაგისტრო გამოცდები 1–4 აგვისტოს ჩატარდება. მასწავლებლობის მსურველებისთვის საგამოცდო პროცესი კი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი დარეგისტრირდა.

ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მომავალი დღევანდელი აბიტურიენტების ხელშია, ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი კი არის ის, რაც მომავალს განაპირობებს.

„მართალია, ეს წელი ცოტა განსხვავებულია, რადგან პანდემიის ფონზე ძალიან ბევრი რეგულაციაა. მგონია, რომ საგამოცდო პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ვნახე, თუ რა არის მომზადებული იმისთვის, რომ ამ პირობებში მინიმუმზე იყოს დაყვანილი ნებისმიერი საფრთხე და, მგონი, ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ის მომავალი ცხოვრების საწყისია. ქვეყნის მომავალი აბიტურიენტების ხელშია. ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი – ეს არის ის, რაც განაპირობებს ჩვენს და, პირველ რიგში, მათ მომავალს. ასე რომ, წარმატებები, წარმატებები და წარმატებები!“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

აბიტურიენტები დღეს პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. სულ ქვეყანაში 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, აბიტურიენტები პირბადეებით უნდა გამოცხადდნენ, თუმცა ადგილის დაკავების შემდეგ შეუძლიათ ის მოიხსნან. თითოეულ აბიტურიენტს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება. თუ საგამოცდო ცენტრებში ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, კონდიციონერს ჩართავენ, მაგრამ ამ შემთხვევაში აბიტურიენტებმა პირბადეები უნდა გაიკეთონ.  

„გამორჩეული თაობა" – მიხეილ ჩხენკელმა აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა

აბიტურიენტებს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო ბარათი. სექტორში  აბიტურიენტებს შეუძლიათ თან იქონიონ წყალი პლასტმასის ბოთლით და შავი ფერის კალამი. საგამოცდო სექტორში მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი 1 მეტრი იქნება.

თუ აბიტურიენტს გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღის მანძილზე არანაირი რესპირატორული სიმპტომები და ტემპერატურა არ ჰქონდა, საგამოცდო ცენტრში თერმოსკრინინგის დროს კი ტემპერატურა დაუფიქსირდა, იგი გამოცდას იზოლირებულ სივრცეში ჩააბარებს.

უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად აბიტურიენტებმა სამი სავალდებულო გამოცდა უნდა ჩააბარონ: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი ან გამოყენებითი ხელოვნება, ან სამოქალაქო განათლება. 2020 წლიდან გაუქმებულ ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდას აბიტურიენტები ჩააბარებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს.