სვანეთში ტყის მასივში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდება

დღის მეორე ნახევარში ადგილზე გაძლიერდა ქარი, ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ართულებს ძლიერი სიცხე და მთიანი რელიეფი
Sputnik

თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. მეხანძრე-მაშველები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში ხანძრის ჩაქრობას დილიდან განაახლებენ.

კლდის ფერდობზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დროისთვის შეწყვეტილია. ვერტმფრენები ღამით ფრენებს ვერ ახორციელებენ.

დაკვამლიანებაა სოფელ იდლიანში. ხანძრის სიახლოვეს დაახლოებით 11 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე დაკვამლიანების გამო, ბავშვები სახლიდან გაიყვანეს.

იდლიანში იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი. ის ადგილზე გაეცნო ვითარებას. მისი თქმით, მთელი ღამის განმავლობაში სამაშველო ჯგიფები ადგილზე დარჩებიან.

„დილიდან კვლავ განახლდება სამუშაოები. ამ ეტაპისთვის მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის, თუმცა თუ ეს გახდება საჭირო, მობილიზებული მაშველები ადგილობრივებთან ერთად უზრუნველყოფენ მათ ევაკუაციას“, – განაცხადა პირველი არხის ეთერში ნინო ვიბლიანმა.

დღის მეორე ნახევარში ადგილზე გაძლიერდა ქარი, ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ართულებს ძლიერი სიცხე და მთიანი რელიეფი. ამან დამატებითი ძალების მობილიზება გამოიწვია.

სვანეთში მიემგზავრება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა სხვადასხვა რეგიონებიდან 80 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ადგილზე იმუშავებს დამატებით 5 სახანძრო-სამაშველო ავტოცისტერნა და 2 - 10 ტონიანი წყალმზიდი.

სულ პროცესში ჩაერთვება 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ტერიტორიაზე მუშაობას გააგრძელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 5 ივლისს დღის მეორე ნახევარში შევიდა. თვითმხილველის განცხადებით, ტყის მასივში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. ხანძარი სავარაუდოდ მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.