ნანატრი საცურაო აუზები და ფიტნეს–ცენტრები: ვინ შეძლებს მოთხოვნების დაკმაყოფილებას

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გაუქმების ექვსეტაპიანი გეგმის თანახმად, ფიტნეს–დარბაზებისა და საცურაო აუზების გახსნა ბოლო ეტაპზე იყო დაგეგმილი.
Sputnik

თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოში სპორტული დარბაზები და საცურაო აუზები მუშაობას მას შემდეგ განაახლებენ, რაც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმებას გაივლიან, განაცხადა მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.  

დღეს შრომის ინსპექციის დეპარტამენტი ფიტნეს–ცენტრებისა და საცურაო აუზების მფლობელებისთვის დადგენილ წესებს გამოაქვეყნებს. ის დაწესებულებები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შემოწმებას, მუშაობის განახლებას შეძლებენ. 

ფიტნეს–ცენტრების და საცურაო აუზების გახსნა საფრთხეს არ შეიცავს: ეპიდემიოლოგის განმარტება

ამასთან, დღეიდან უკვე გაუქმდა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რამდენიმე შეზღუდვა. კერძოდ, დახურულ შენობებში ნებადართული გახდა ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება, გაიხსნა პროფესიული სასწავლო დაწესებულებები და ღია ცის ქვეშ არსებული ატრაქციონები.

„საბჭომ ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების წესებთან დაკავშირებით. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ 6 ივლისს განაცხადა, კორონავირუსის გავრცელების კუთხით უფრო დიდი საფრთხის შემცველია მასობრივი თავშეყრის ადგილები, ვიდრე ფიტნეს–ცენტრები და საცურაო აუზები.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გაუქმების ექვსეტაპიანი გეგმის თანახმად, ფიტნეს–დარბაზებისა და საცურაო აუზების გახსნა ბოლო ეტაპზე იყო დაგეგმილი.