თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ირანის ქალაქ ნათანზში მდებარე ბირთვულ ობიექტზე მომხდარ აფეთქებაში შესაძლოა ისრაელის ხელი ერიოს, იუწყება New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით.
მანამდე, 2 ივლისს ირანის ატომური ენერგიის სააგენტომ განაცხადა, რომ ნათანზში ურანის გამამდიდრებელი ქარხნის ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე ხანძარი მოხდა. დაშავებულებისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გავრცელების თაობაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.
New York Times-ის სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ხანძარი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად გაჩნდა. იმავდროულად გამოცემა წერს, რომ ამის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს. მსგავს მოსაზრებას იზიარებენ სხვა დასავლური მედიასაშუალებებიც.
გამოცემის წყაროს თქმით, ისრაელმა ობიექტის შიგნით მძლავრი ასაფეთქებელი მოწყობილობა შეიტანა.
იმ ფაქტს, რომ ბირთვულ ობიექტზე ინციდენტი ასაფეთქებელმა გამოიწვია, ადასტურებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენელიც.
ცნობილია, რომ აფეთქების შედეგად დაინგრა მიწისზედა ნაგებობის უმეტესი ნაწილი, სადაც ახალი ცენტრიფუგები იყო განთავსებული.