„დააგემოვნე საუკეთესო ქართული ღვინოები“: რიგაში სარეკლამო კამპანია დაიწყო

ბალტიისპირეთის ქვეყნები ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია, ამიტომაც ამ რეგიონში სარეკლამო კამპანიას დიდი მნიშვნელობა აქვს.
Sputnik

თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. სარეკლამო კამპანიის „დააგემოვნე საუკეთესო ქართული ღვინოები“ ფარგლებში რიგაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა – ღონისძიებას ლატვიაში ღვინის ეროვნული სააგენტო ატარებს

მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით საქართველო სარეკლამო კამპანიას აფართოებს

ლატვიაში სარეკლამო კამპანია ივნისის ბოლოს დაიწყო – ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციისთვის ადგილობრივმა ტელეკომპანიებმა საკუთარ ეთერში ვიდეოკლიპები განათავსეს, მედიაპლატფორმებზე კი ქართული ღვინისადმი მიძღვნილი გვერდები შექმნეს.

ღონისძიება ორგანიზებულია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია TRIBE INTERNATIONAL-ის მიერ. დეგუსტაციას ლატვიაში საქართველოს ელჩი თეა მაისურაძე ესწრებოდა.

ბალტიისპირეთის ქვეყნები ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია. მიმდინარე წლის ხუთი თვის მონაცემებით, საქართველოდან ლატვიაში 621 ათასი ბოთლია ექსპორტირებული, ზრდა 7%-ს აღწევს.

მთავრობის ხელშეწყობით ქართული ღვინო ციფრული მარკეტინგისა და ახალი ონლაინ–პლატფორმების გამოყენებით სტრატეგიულ ბაზრებს ითვისებს. მსგავსი ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური პანდემიის ფონზე, რომელმაც ქართული ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა: შემცირდა ექსპორტის რაოდენობა, ხოლო ტურიზმის სექტორში შექმნილმა მდგომარეობამ მკვეთრად შეამცირა ღვინის შიდა გაყიდვები.

საქართველო ღვინის სამშობლო

საქართველოში ღვინის დამზადების ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ღვინისა და ვაზის გამოსახულებები გამოყენებულია ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში. 2017 წელს საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.

დღეს საქართველოში ათასობით ყურძნის ჯიში მოჰყავთ. მთელ მსოფლიოში ცნობილი ყურძნის ჯიშებიდან დაახლოებით 500 სახეობა ქართული წარმომავლობისაა.

2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.