ჩარტერული რეისები: ამსტერდამიდან თბილისში თანამემამულეები დაბრუნდებიან

საქართველოს მთავრობამ ევროპიდან თანამემამულეების დაბრუნების მიზნით ჩარტერული რეისების შესრულება განაახლა.
Sputnik

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ავიაკომპანია Georgian Airways საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე თვეში განახორციელებს რიგით მეორე ჩარტერულ რეისს თბილისი–ამსტერდამი, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში. 

ევროპის მიმართულებით ყველა ავიარეისი და ბილეთის გაყიდვა შეთანხმდება – თურნავა

ივლისში თბილისიდან ჩარტერული რეისები ამსტერდამის, ვენის, თელ–ავივის, ბერლინისა და პარიზის მიმართულებით შესრულდება. მათ Georgian Airways-ი იმ თანამემამულეების საქართველოში დასაბრუნებლად განახორციელებს, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო დროულად ვერ შეძლეს სამშობლოში გამომგზავრება ან სამსახურის დაკარგვის გამო შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

თბილისი–ამსტერდამი–თბილისის მიმართულებით მთლიანობაში შვიდი ჩარტერული რეისია დაგეგმილი.

ქართული ავიაკომპანიის თვითმფრინავი ნიდერლანდების მიმართულებით 06: 30 საათზე გაფრინდა, ხოლო 17:13 საათზე თბილისში ჩამოფრინდება.

უახლოესი რეისი 7 ივლისს პარიზის მიმართულებითაა დაგეგმილი.

ფრენებს განახორციელებს Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული პროტოკოლის სრული დაცვით. 

თურნავა: „აირზენას“ მოვუწოდებ, შეწყვიტოს შეუთანხმებელი ქმედებები

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ამ მიმართულებებით ჩარტერული ავიარეისების განხორციელებაზე ნებართვა 25 ივნისს მისცა.

კომერციული ჩარტერული რეისების შესახებ ინფორმაცია, რომელთა შესრულებაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთანაა შეთანხმებული, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდებზეა განთავსებული.

გრაფიკში შესული ნებისმიერი ცვლილება მომენტალურად აისახება ზემოაღნიშნულ ვებ-გვერდებზე, რაც მგზავრებს ავიაფრენების დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს.

ადრე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მოქალაქეებს მოუწოდა, ბილეთები შეიძინონ მხოლოდ იმ რეისებზე, რომელთა განრიგი ოფიციალურად არის გამოქვეყნებული სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ვებ-გვერდებზე.