თბილისში 9 ივლისს პირველი ავტოკინოთეატრი გაიხსნება

კინოთეატრს 21:00 საათზე გახსნის ქართული დრამა რაგბიზე ციხეში. სურათმა საზღვარგარეთ უკვე არაერთი ჯილდო მოიპოვა
Sputnik

თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. ავტოკინოთეატრი Cavea Drive-in Lisi თბილისში პირველად ხუთშაბათს, 9 ივლისს გაიხსნება - ის ლისის ტბის ტერიტორიაზე, ახალ იპოდრომზე განთავსდება, აღნიშნავენ ორგანიზატორები Facebook-გვერდზე.

პირველ კინოსეანსზე აჩვენებენ უტა ბერიას ფილმს „უარყოფითი რიცხვები“. გახსნაზე ირაკლი დეისაძის ბენდი გამოვა.

სვანეთში პირველად საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი ჩატარდება

ავტოკინოთეატრი არის კინოთეატრი ღია ცის ქვეშ, რომელიც გათვლილია ფილმების საყურებლად ავტომობილიდან. ინგლისურენოვან ქვეყნებში მას „დრაივ-ინს“ ეძახიან. ავტოკინოთეატრი წარმოადგენს ავტომობილების სადგომს ორგანიზებული შესასვლელებით და გასასვლელებით და დიდი ზომის ეკრანით.

„დრაივ-ინში“ ხმა გადმოიცემა აკუსტიკური სისტემების მეშვეობით, რომლებიც ავტოსადგომების ირგვლივაა დამონტაჟებული, ან სტანდარტული მცირესიმძლავრიანი რადიოსადგურით FM-დიაპაზონში.

Cavea-ს თეატრების ქსელი ახალი ფილმების პრემიერების პარალელურად მაყურებელს შესთავაზებს სხვა ღონისძიებებსაც, მაგალითად, კინომარათონებს.

მოსალოდნელია, რომ პირველ ეტაპზე კინოთეატრები გათვლილი იქნება მინიმუმ 200 ავტომობილზე. ასევე გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე ველოსიპედისტებისთვის, მოტოციკლისტებისა და უტრანსპორტო მაყურებლებისთვის. მათი რაოდენობა გაიზრდება მოთხოვნის შესაბამისად.

ტერიტორიას გააკონტროლებს დაცვა, რომელიც მაყურებელს განთავსებაში მიეხმარება და თვალყურს მიადევნებს წესრიგსა და დისტანციის დაცვას.