გამყრელიძე: როდის შეძლებენ აბიტურიენტები პირბადის მოხსნას

ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. დეტალურად არის გაწერილი წესები, რომელიც ინფიცირების თავიდან ასარიდებლად აბიტურიენტებმა უნდა დაიცვან
Sputnik

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. აბიტურიენტებისთვის პირბადეების ტარება საგამოცდო სივრცეში მერხთან დაჯდომის შემდეგ სავალდებულო აღარ იქნება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

ორშაბათს, 6 ივლისს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. დეტალურად არის გაწერილი წესები, რომელიც, ინფიცირების თავიდან ასარიდებლად აბიტურიენტებმა უნდა დაიცვან.

„მედიცინაში 100%-იანი არაფერი არის, თუმცა რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. მთავარია პირბადე, რომელიც აბიტურიენტმა უნდა ატაროს ყველა ეტაპზე - შესვლისას, ბილეთის აღებისას, კომუნიკაციისას. მაგიდებს შორის არის ე.წ. დეზობარიერი, გვერდებზე - მარცხნივ და მარჯვნივ არის ორმეტრიანი დაშორება“, - განაცხადა ტელეკომპანია Rustavi 2-ის ეთერში ამირან გამყრელიძემ.
როგორ გადაიღებენ კინოს საქართველოში: ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

მისივე განმარტებით, აბიტურიენტებმა აუცილებლად უნდა გაიკეთონ პირბადე, თუ ჩაირთვება კონდიცირება.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და დასრულდება 25 ივლისს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი დარეგისტრირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, წელს თითოეული საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50 პროცენტი იქნება გამოყენებული. საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება ორი მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი – ერთი მეტრი.

საგამოცდო ცენტრში შესვლის წინ ყველა აბიტურიენტი თერმოსკრინინგს გაივლის.

რა წესები უნდა დავიცვათ ზღვაზე - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები >>

აბიტურიენტებმა დადგენილი რეკომენდაციები უნდა დაიცვან. კერძოდ, მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია, ატარონ პირბადე, შესაბამისი მითითების შემდეგ დაიმუშაონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით. თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი.