საქართველოში ყირიმ-კონგოს დაავადების პრევენციული ღონისძიებები გატარდა

სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს ყირიმ-კონგოს დაავადების საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს.
Sputnik

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ყირიმ-კონგოს დაავადების პრევენციის მიზნით სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და შიდა ქართლში ინსექტოაკარიციდული პრეპარატით 3090 სული მსხვილფეხა პირუტყვი დაამუშავეს, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველის და ადამიანის ვირუსული დაავადებაა და წარმოადგენს ბუნებრივ კეროვან ინფექციას. ვირუსის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველი და ადამიანი მისი კბენის შედეგად ინფიცირდება.

ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში დაგვიანებულ მკურნალობას შესაძლოა ლეტალური შედეგი მოჰყვეს.

ძროხა სახლის სახურავზე: მესტიაში გადაღებულმა ფოტომ ინტერნეტი გაახალისა

დაავადების მაღალი რისკის ქვეშ არიან ცხოველებთან კონტაქტში მყოფი (მწყემსები, ფერმერები) ადამიანები.

სააგენტოს ცნობით, ტკიპა ცხოვრების ციკლიდან გამომდინარე წლის თბილ და ცხელ პერიოდში აქტიურდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ცხოველები, ინსტრუქციის წესების გათვალისწინებით, ინსექტოაკაროციდული პრეპარატით დაამუშაონ, ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ, პროფილაქტიკის მიზნით, მინდორში მუშაობისას ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხოლო დაავადების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ ექიმს.

სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს ყირიმ-კონგოს დაავადების საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს.