თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოში წლის დასაწყისიდან აივ-ინფიცირების 274 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, ნათქვამია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სულ საქართველოში რეგისტრირებულია 8,4 ათასი აივ-ინფიცირებული პირი, მათგან 6,3 ათასი მამაკაცია, ხოლო 2,1 ათასი – ქალი. პაციენტების უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე ასაკისაა.
ინფიცირებულთაგან შიდსი 4,34 ათას პაციენტს განუვითარდა, გარდაიცვალა 1,7 ათასი.
საქართველოში აივ-ინფიცირების პირველი შემთხვევა 1989 წელს დაფიქსირდა. ინფექციური პათოლოგის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი შეახსენებს მოსახლეობას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ-ინფექცია/შიდსზე ტესტი და კონსულტაცია უფასოა და ანონიმურად ტარდება.
საქართველოში აივ-ინფიცირების ყველაზე გავრცელებული წყარო ჰეტეროსექსუალური კონტაქტებია, მეორე ადგილზეა დაინფიცირებული ნემსით ნარკოტიკის ინექცია, მესამეზე – ჰომოსექსუალური კონტაქტები.
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) წარმოადგენს რეტროვირუსს, რომელიც აინფიცირებს იმუნური სისტემის უჯრედებს და ანადგურებს ან ასუსტებს მათ ფუნქციას. ადრეულ სტადიებზე ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა მის განვითარებასთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება და ადამიანი ოპორტუნისტული ინფექციებისადმი უფრო მოწყვლადი ხდება.
შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) აივ-ინფექციის ბოლო სტადიაა. შეიძლება გავიდეს 10-15 წელი, სანამ აივ-ინფიცირებულ ადამიანს შიდსი განუვითარდება, ამ პროცესის კიდევ უფრო შენელება ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს შეუძლია.
აივ-ინფექცია გადაეცემა დაუცველი სქესობრივი აქტის დროს (ანალური ან ვაგინალური), დაინფიცირებული სისხლის გადასხმისას, დაინფიცირებული ნემსების გამოყენების დროს, ასევე დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ლაქტაციის დროს.