მსოფლიო ბანკისგან დამატებით 45 მლნ ევრო: რას მოხმარდება თანხა

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგანაც იგი მიმართულია კონკრეტულად COVID-19-ით გამოწვეული პრობლემების მოგვარებისკენ, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ქვეყნის ეკონომიკაზე COVID-19-ის ზეგავლენის შესარბილებლად მსოფლიო ბანკი საქართველოს დამატებით დახმარებას აღმოუჩენს და 45 მლნ ევროს გამოუყოფს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მიიღო. დახმარება განკუთვნილია იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური მართვის პოლიტიკის გაუმჯობესებასა და საქართველოს კონკურენტუნარიანობის განვითარებისკენ. ამასთან, აღნიშნული თანხები ქვეყანას დაეხმარება COVID-19 პანდემიის ზემოქმედებით გამოწვეული მოულოდნელი ფინანსური დეფიციტის შევსებაში. 

გახარია: პანდემიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოსთვის ყველაფერი შეცვალა

„მაშინ, როდესაც საქართველოს მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა ვირუსის გავრცელება წარმატებით შეაკავა, ქვეყანას, სხვა ბევრი სახელმწიფოს მსგავსად, ფისკალური და ეკონომიკური ხარჯების გაღება მოუწია. მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი ეს დამატებითი ფინანსური სახსრები ქვეყნისთვის კრიტიკულად დროული და აუცილებელი დახმარებაა“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

მანამდე, მიმდინარე წლის მარტში მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის ასევე 45 მლნ ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა, რომელიც მიმართული იყო იმ რეფორმების ხელშეწყობისკენ, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკური ინკლუზიურობის ზრდისა და სტაბილურობის შენარჩუნებისკენაა მიმართული. 

კერძოდ, ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფო რესურსების გამოყენების ეფექტურობის გაუმჯობესებაზე, უფრო კონკურენტული ბაზრების ხელშეწყობაზე, ფინანსური სექტორის დივერსიფიკაციაზე, მასწავლებლის სამუშაო პირობებისა და ანაზღაურების გაუმჯობესებაზე და ასევე ინვესტიციების ხელშეწყობის გაძლიერებაზე. 

მეტი კრედიტი, მეტი დახმარება: საქართველოში ბიზნესის კეთება მარტივდება

„მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგანაც იგი მიმართული იქნება კონკრეტულად COVID-19-ით გამოწვეული პრობლემების მოგვარებისკენ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მსოფლიო ბანკის დახმარების პროგრამა

მსოფლიო ბანკის გამოყოფილი დაფინანსება „ეკონომიკური განვითარების პოლიტიკისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სამეტაპიანი საკრედიტო ოპერაციების რიგით მეორე ტრანშია.

80 მლნ დოლარის პირველი კრედიტი საქართველოსთვის ჯანმრთელობისა და სოციალურ სფეროებზე COVID-19-ის ზემოქმედების შემცირების მიზნით, სწრაფი დახმარების მექანიზმის ფარგლებში გამოიყო.

მესამე ტრანში ფოკუსირებული იქნება პანდემიის შედეგად დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე.