უზრუნველი სიბერისათვის: რა თანხაა შესული საპენსიო ფონდში

ახალი საპენსიო სისტემა ნაწილობრივ სავალდებულოა – დაგროვებითი პენსიის სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა 40 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის.
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს საპენსიო ფონდში, სადაც მოქალაქეები საკუთარი შემოსავლიდან თანხას რიცხავენ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში 832 მლნ ლარი შეგროვდა, განაცხადა საპენსიო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჭიჭინაძემ.

დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.

„დღევანდელი მონაცემებით, 2019 წლის 1 იანვრიდან საპენსიო სქემაში დარეგისტრირებულია 1 030 ათასი ადამიანი, ხოლო დანაზოგის სახით აკუმულირებულია 832 მლნ ლარი, სადაც დარიცხული სარგებელი 58 მილიონ ლარამდეა“, – განაცხადა ჭიჭინაძემ საქართველოს პარლამენტში.

ახალი საპენსიო სისტემა ნაწილობრივ სავალდებულოა – დაგროვებითი პენსიის სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა 40 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის. დანარჩენებს არჩევანის უფლება აქვთ. გასული წლის ივნისის ბოლოსთვის დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გამოსულთა რაოდენობამ რეგისტრირებულთა მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 10% შეადგინა. 

პრემიერი: მიუხედავად ყველაფრისა, პენსიები მაინც გაიზრდება

შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. 60 ათასის ზემოთ წლიური შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში არ მონაწილეობს.

დაგროვებული ფული პენსიონერებს პროცენტებით დაუბრუნდებათ – საშუალოდ წლიური 7%-ით. ამჟამად პენსიონერების ანგარიშებზე უკვე დარიცხულია ამ პროცენტებით დაგროვილი დაახლოებით 17,3 მლნ ლარი.

დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ თანხების ინვესტირებას განახორციელებს სხვადასხვა პროექტებში ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ. პროცესს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური ახორციელებს.

მიმდინარე წლის მარტში საქართველოს საპენსიო სააგენტომ 560 მილიონი ლარის ოდენობის პირველი ინვესტიცია განახორციელა – სახსრები მაღალრეიტინგული ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში ჩაიდო.