რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული ქართველი მწყემსი თავისუფალია

23 წლის საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში ჩართული იყვნენ ქვეყნის საგარეო უწყება და შვეიცარიის საელჩო.
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. ქართველი მწყემსი, რომელიც რუსმა მესაზღვრეებმა საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის უკანონო გადაკვეთის გამო დააკავეს, თავისუფალია – ამ დროისთვის 23 წლის დავით ვარდოშვილი თავს კარგად გრძნობს და საკარანტინო ზონაში იმყოფება.

მწყემსის გათავისუფლებისა და სამშობლოში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ჩართული იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექცია. 

როგორ გადაწყდება ქართველი მწყემსის ბედი: გადმოსცემს თუ არა მას რუსეთი ქართულ მხარეს

რუსი მესაზღვრეების მიერ მწყემსის დაკავების შესახებ ქართული მხარისთვის ცნობილი გახდა 13 ივნისს, როდესაც ლაგოდეხის სასაზღვრო სამმართველოს ფაქტის შესახებ მეორე მწყემსმა აცნობა.

როგორც ადრე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყებოდა, ქართულმა მხარემ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინა ფაქტზე, რათა ინციდენტის დეტალები დაედგინა. პროცესში ჩართული იყვნენ საგარეო უწყება და შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექცია.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები შენარჩუნებულია მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკებებისა და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატების შეხვედრის ფარგლებში. ქვეყნებს შორის ურთიერთობებში შუამდგომლობს შვეიცარიის საელჩო.