პროფსასწავლებლები მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებიან: რა მოთხოვნები აქვთ სასწავლებლებისადმი

ამ ეტაპზე პროფსასწავლებლების ადმინისტრაციები დისტანციურ რეჟიმში ემზადებიან შემოდგომაზე სტუდენტების მისაღებად, უკვე დაწყებულია შესაბამისი პროგრამების შემუშავება.
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოში პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები, რომლებმაც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმება გაიარეს, 6 ივლისიდან მუშაობას განაახლებენ, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ. 

6 ივლისიდან მუშევანში მკაცრი კარანტინი უქმდება: კიდევ რა შეზღუდვები იხსნება ორშაბათიდან

მან აღნიშნა, რომ სექტორის შემოწმება უკვე დაწყებულია და პროცესი მომავალი ორშაბათისთვის სრულად დასრულდება.

ასევე 6 ივლისიდან ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეებშიც იქნება შესაძლებელი. აქამდე სასწავლო ცენტრები მხოლოდ ღია სივრცეებში მუშაობდნენ.

„რაც შეეხება მოთხოვნებს, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს კონფერენცია–ტრენინგი დახურულ სივრცეში, ეს არის ის, რომ ყოველ ხუთ კვადრატულ მეტრზე უნდა ხდებოდეს ერთი ადამიანის დაშვება. თუ ვერ ხერხდება შესაბამისი დისტანციის დაცვა, აუცილებელი იქნება პირბადის გამოყენება“, – განაცხადა ფერაძემ ჟურნალისტებთან.

ფერაძემ ასევე აღნიშნა, რომ ჯგუფური მეცადინეობების დროს აუცილებელია დამცავი ფარის გამოყენება. გარდა ამისა, სავალდებულო რეკომენდაციების ჩამონათვალშია ყველასთვის უკვე ნაცნობი ძირითადი რეკომენდაციები: დეზინფექცია,  სხვადასხვა პროფილაქტიკური ზომები, როგორიც არის ტემპერატურის შემოწმება და ა.შ.

პანდემიის ფონზე პროფსასწავლებლების ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მარტი-აპრილში აქტიურად მიმდინარეობდა სტუდენტების მომზადება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა IT-პროგრამები, უცხო ენები, ბუღალტერია, სასტუმროებისა და გაყიდვების მარკეტინგი. ამ ეტაპზე პროფსასწავლებლების ადმინისტრაციები დისტანციურ რეჟიმში ემზადებიან შემოდგომაზე სტუდენტების მისაღებად, უკვე დაწყებულია შესაბამისი პროგრამების შემუშავება.