პლუს 30: რამდენი პენსიონერი მიიღებს გაზრდილ პენსიას

საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია მოსახლეობას დაჰპირდა, რომ პენსიები ქვეყანაში ყოველწლიურად გაიზრდება.
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოში 70 წელს ზემოთ მოქალაქეები და შშმ პირები 1 ივლისიდან 30 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ.

შესაბამისად, აღნიშნული კატეგორიის პირთა ყოველთვიური პენსია 250 ლარი იქნება, რომელსაც დაახლოებით 410 ათასი მოქალაქე მიიღებს. 

პრემიერი: მიუხედავად ყველაფრისა, პენსიები მაინც გაიზრდება

ამავე დროს, მაღალმთიან რეგიონებში 70 წელს ზემოთ პენსიონერების პენსია კიდევ უფრო გაიზრდება და 300 ლარს მიაღწევს.

დღეისათვის ქალებისთვის საპენსიო ასაკი 60 წელია, მამაკაცებისთვის – 65 წელი. საქართველოში სულ 770,3 ათასი პენსიონერია.

ადრე გახარიამ აღნიშნა, რომ პენსიები საქართველოში ყოველწლიურად გაიზრდება. ნებისმიერი ეკონომიკური ზრდის ან ინფლაციის მაჩვენებლების პირობებშიც კი 70 წლამდე პენსიონერის პენსია მინიმუმ 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ – 25 ლარით გაიზრდება.

პენსიების ინდექსაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მიერ საქართველოსთვის გაცემული ერთ-ერთი რეკომენდაციაა. სსფ-ის ანალიტიკოსების აზრით, საბაზისო სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის წესების მიღება გაზრდის პენსიონერთა რეალურ შემოსავალს და შეამცირებს სიღარიბეს მოხუცებში.