განზრახ მკვლელობა ჩუმლაყში: დაკავებულს ბრალი წარედგინა

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 49 წლის მამაკაცს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, განზრახ მკვლელობისთვის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის, 49 წლის დ.ნ.-ს ბრალი წარუდგინა, იუწყება გენერალური პროკურატურა.

კახეთში ორმაგი მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს

გამოძიების მონაცემებით, 28 ივნისის საღამოს შელაპარაკებისა და ჩხუბის დროს დაკავებულმა ორ მამაკაცს ესროლა. ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბრალდებული ცხელ კვალზე მეორე დღეს დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მის სახელზე რეგისტრირებული პისტოლეტი მჭიდში მოთავსებული 4 ცალი ვაზნით.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე; 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც „განზრახ მკვლელობას“, „დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას“ და „ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის  მართლსაწინააღმდეგო ტარებას“ გულისხმობს. წარდგენილი ბრალდება თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღესვე ბრალდების მხარე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს მიმართავს.