გაფიცვის მუქარამ გაჭრა: ჯანდაცვამ მოთხოვნები დააკმაყოფილა, ჯერი სოცაგენტებზეა

საქართველოში სოციალური აგენტის ფიქსირებული ხელფასი 80 ლარია. თითოეულ ბენეფიციართან ინტერვიუსთვის ისინი დამატებით 4 ლარსა და 80 თეთრს იღებენ. საუკეთესო შემთხვევაშიც კი მათი შემოსავალი 700 ლარს არ აღემატება.
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება 1 ივლისიდან 150 ლარით გაიზარდა და, შესაბამისად, სატრანსპორტო ხარჯებისთვის გამოყოფილმა თანხამ 250 ლარი შეადგინა – აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში სოცაგენტების მუქარის პასუხად მიიღეს, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი გაფიცვის დაწყებას გეგმავენ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა განაცხადა, 100 ლარით გაიზარდა უფროსი სოცაგენტის ხელფასი და 450 ლარის ნაცვლად ისინი 550 ლარს მიიღებენ. 

და მაინც – გაფიცვა: სოციალური მუშაკები რადიკალურ ზომას მიმართავენ

6 თვემდე გაიზარდა სოციალური აგენტების შრომითი ხელშეკრულების ვადებიც. წლის ბოლოდან სოციალური აგენტების ნაწილს ერთწლიანი, ნაწილს კი უვადო ხელშეკრულებები გაუფორმდება. ყოველივე დამოკიდებული იქნება სამუშაო სტაჟზე.

გაიზარდა სოციალური აგენტების შვებულების, იძულებითი მოცდენის და წახალისების ანაზღაურების ოდენობაც.

წოწკოლაურმა აღნიშნა, რომ მოცემული ცვლილებები რეორგანიზაციის შედეგია, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარეობს.

„ეს პროექტი დიდი ხანია არსებობს, ის ჩვენ იანვარში უკვე გვქონდა. თუმცა პანდემიის პირობებში რეორგანიზაციის პროცესი შეფერხდა. დღეიდან კი ჩვენ მისი განახლების საშუალება მოგვეცა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

წოწკოლაურმა სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრების ხელმძღვანელებთან თათბირი ჩაატარა, მათთან ერთად აღნიშნული ცვლილებები განიხილა და სამსახურის თანამშრომლების მოთხოვნების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიიღო. 

სოცმუშაკების პრობლემებით ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური სამუშაო ჯგუფი დაკავდება

ჯანდაცვის უწყება მას შემდეგ გახდა იძულებული სერიოზულად დაინტერესებულიყო სოციალური მომსახურების საკითხებითა და სოცაგენტების პრობლემებით, რაც სოცაგენტებმა პერმანენტული აქციები გამართეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ განახლდა. მათი მოთხოვნები უცვლელია – სოციალური აგენტები მოითხოვენ ფიქსირებულ ხელფასს, სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურებასა და უვადო კონტრაქტებს. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი 2 ივლისიდან საყოველთაო გაფიცვას აანონსებენ.

შესრულდება თუ არა აღნიშნული მუქარა, დღის ბოლოს გახდება ცნობილი. სოცაგენტების თქმით, ისინი დაწვრილებით უნდა გაეცნონ და შეაფასონ ჯანდაცვის სამინისტროს წინადადებები.

„სოცაგენტებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება – დათანხმდებიან წარმოდგენილ წინადადებებს თუ არა. დღის ბოლომდე ისინი გადაწყვეტილებას მიიღებენ, გაიფიცებიან თუ არა. ერთი რამ დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ხვალ იგი არ გაიმართება, იგი ერთი დღით გადაიტანეს. თუმცა დღეს გახდება ცნობილი სოცაგენტების სამომავლო გეგმების შესახებ“, –  განაცხადა საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия-სთან „სოლიდარობის ქსელის“ იურისტმა დავით ომშარაშვილმა.

საქართველოში სოციალური აგენტების ფიქსირებული ხელფასი 80 ლარია. თითოეულ ბენეფიციართან ინტერვიუსთვის ისინი დამატებით 4 ლარსა და 80 თეთრს იღებენ. საუკეთესო შემთხვევაშიც კი მათი შემოსავალი 700 ლარს არ აღემატება.