და მაინც – გაფიცვა: სოციალური მუშაკები რადიკალურ ზომას მიმართავენ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ აქვს დრო, რომ შეუთანხმდეს სოციალურ აგენტებს და მათი პრობლემები გადაჭრას, მით უფრო, რომ უწყება ამისთვის მზადაა.
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს სოციალური აგენტები ფართომასშტაბიან გაფიცვას დაიწყებენ 2 ივლისიდან და მათი შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

ამ დღეებში სოციალურმა აგენტებმა თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ისინი ითხოვდნენ იურისტის ჩართვას იმ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრა 29 ივნისს გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც სოციალური აგენტების პრობლემებს მიხედავს. ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან დავით წოწკოლაურთან სოციალური აგენტების შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

სოცმუშაკების პრობლემებით ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური სამუშაო ჯგუფი დაკავდება

სოციალური აგენტები მოითხოვენ ფიქსირებულ ხელფასს, სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურებასა და უვადო კონტრაქტებს.

სოცმუშაკებს მხარს უჭერენ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და კოალიცია „ღირსეული შრომისთვის".

როგორც სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ სოცაგენტებმა წინასწარ განაცხადეს გაფიცვის შესახებ, ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ არ დაუნიშნავს მედიატორი პრობლემების გადაწყვეტისთვის და უარს ამბობს მოლაპარაკებებში პროფკავშირების ჩართვაზე.

რატომ იმუქრებიან სოციალური მუშაკები ფართომასშტაბიანი გაფიცვით>>

„სამინისტრო, რომელიც უნდა იცავდეს შრომით უფლებებს, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს პროფკავშირულ საქმიანობას, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის თანასწორ ურთიერთობებს, თავად არღვევს დასაქმებულების უფლებებს, თავად ვერ უზრუნველყოფს ღირსეულ შრომას, ხელს უშლის პროფკავშირულ საქმიანობას, ხელს უშლის თანასწორ მოლაპარაკებებს შრომითი დავის დროს. მოვუწოდებთ სამინისტროს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პროფკავშირების ჩართვა, გაითვალისწინოს მათი სამართლიანი მოთხოვნები", – განაცხადა EMC-ს სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა კოტე ერისთავმა.

საქართველოში სოციალური აგენტების ფიქსირებული ხელფასი 80 ლარია. თითოეულ ბენეფიციართან ინტერვიუსთვის ისინი დამატებით 4 ლარსა და 80 თეთრს იღებენ. საუკეთესო შემთხვევაშიც კი მათი ხელფასი 700 ლარს არ აღემატება.