ეზუგბაია: ყველა ინფიცირებულის წყარო ცნობილია

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 931-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 795. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი სამ ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთი კი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, განაცხადა ჟურნალისტებთან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. 

COVID-19 საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური კუთხით ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობაა. ამ დროისათვის „კოვიდ–ცენტრებში“ 121 პაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში არსებულ ვითარებას, კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსის დიაგნოზით 22 პაციენტი მკურნალობს.

„ჩვენს კლინიკაში ორი ახალი პაციენტია, ერთი – სატვირთო ავტომობილის მძღოლი, მეორე კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი... ორივე ახალი პაციენტის მდგომარეობა სტაბილური, საშუალო სიმძიმისაა, დაავადება არ პროგრესირებს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 931-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 795. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3080, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 242 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.