„ასეთი სიყვარული“ - ქეთი მელუამ ახალი სინგლი გამოუშვა - ვიდეო

ახალ კომპოზიციაში მოისმენთ როგორც საუნდტრეკის ნოტებს ბონდიანადან, ისე მომღერლის საყვარელი ფოლკის რიტმებს
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი - Sputnik. ქართული წარმომავლობის ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა ქეთი მელუამ ახალი სინგლი გამოუშვა სახელწოდებით A Love Like That („ასეთი სიყვარული“).

ქეთი მელუა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დასახმარებლად კონცერტს გამართავს >>

ესაა მელუას მომავალი სტუდიური ალბომის ALBUM № 8-ის პირველი სიმღერა. ალბომი 2020 წლის 16 ოქტომბერს გამოვა.

ALBUM № 8-ში ქეთი მელუას მიერ ინგლისსა და საქართველოში შექმნილი 10 სრულიად ახალი კომპოზიცია შევა. მის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს ქართულმა ფილარმონიულმა ორკესტრმა და გორის ქალთა კამერულმა გუნდმა.

ვიდეო სინგლისთვის A Love Like That გადაიღო მრავალი ჯილდოს მფლობელმა რეჟისორმა ჩარლი ლაიტნინგმა, კლიპში კი ითამაშა ბრიტანელმა მსახიობმა ბილი ჰოულმა („ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერი. აისი“, „დიუნკერკი“).

„ძალიან ვამაყობ ვიდეოთი, - მოჰყავს essexmagazine.co.uk. პორტალს მელუას სიტყვები, - მომეწონა ჩარლი ლაიტნინგთან მუშაობა, ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, როგორ გაგვეხადა ეს სამუშაო მნიშვნელოვანი და გავმკლავებოდით ახალ შეზღუდვებს გადაღებების დროს. ეკრანზე ბილი ჰოულთან ერთად დახვეწილი ჟესტებითა და ნიუანსებით შევეცადეთ გვეჩვენებინა სიმართლე სიყვარულზე ადრეულ სტადიებზე. იმედი მაქვს, მისი ნახვა ყველას ესიამოვნება“.