თენგიზ ცერცვაძე: საქართველო საზღვრების გახსნას თუ გაუძლებს, ეს იქნება...

ინფიცირებულთა რაოდენობა რომც გაიზარდოს, ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზად უნდა იყოს, განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. თუ საქართველო საზღვრების გახსნას გაუძლებს, ეს იქნება ისტორიული მოვლენა და მთელი მსოფლიო ჩვენზე ილაპარაკებს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი სიტყვებით, საქართველომ პირველ გამოცდას გაუძლო, როცა აუცილებელი იყო ვირუსის სწრაფი გავრცელების პრევენცია. 

კორონავირუსის ახალი შემთხვევები – ცნობილია თუ არა ინფიცირების წყაროები

„ქვეყანამ გაუძლო მეორე გამოცდასაც, როცა გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა, მოიხსნა შეზღუდვები, მაგრამ ახალი შემთხვევები ხშირი არ იყო. თუ საქართველო საზღვრების გახსნას გაუძლებს, ეს იქნება ისტორიული მოვლენა, მაშინ მთელი მსოფლიო ჩვენზე ილაპარაკებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ინფიცირებულთა რაოდენობა რომც გაიზარდოს, ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზად უნდა იყოს, პირველ რიგში, კლინიკური სექტორი.

„მინდა დავარწმუნო მოსახლეობა, რომ კლინიკური სექტორი პირველ ტალღას ისე შეხვდა, რომ თავისი შესაძლებლობების ერთი მეხუთედის გამოვლენაც არ დასჭირვებია“, – განაცხადა ცერცვაძემ და დასძინა, რომ ქართული ჯანდაცვის სისტემის მისამართით სიტყვა „კოლაფსის“ გამოყენება საჭირო არ გახდება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 926-ია. გამოჯანმრთელდა 791 ადამიანი, პანდემიის გამოვლენიდან დღემდე ქვეყანაში 15 ადამიანი გარდაიცვალა.