მუტაციაგანცდილი ვირუსი გაცილებით საშიშია: რა საფრთხე გველოდება

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას სოციალური თვითშეგნების გამოვლენისკენ, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებისა და წესების დაცვისკენ მოუწოდებენ.
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოში სპეციალისტებმა კორონავირუსის გარკვეული მუტაცია გამოავლინეს, რის გამოც COVID-19 შეიძლება უფრო მეტად გადამდები გახდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბრიფინგზე. 

SOS! ჩინეთში გრიპის უცნობი შტამი გამოვლინდა – არსებობს ახალი პანდემიის საფრთხე

მისი სიტყვებით, იმ ადამიანს, ვინც გადაიტანა კორონავირუსი მუტაციის გარეშე, შეიძლება მუტაციაგანცდილ ვირუსზე იმუნიტეტი არ ჰქონდეს და კვლავ დაინფიცირდეს. როგორც იმნაძემ აღნიშნა, ეს კორონავირუსის პირველი მნიშვნელოვანი მუტაციაა, რომელიც ექიმებმა დააფიქსირეს.

„სამწუხაროდ, გამოქვეყნდა ახალი მონაცემები. არის გარკვეული მუტაცია, რომელიც ევროპაში სადღაც თებერვალ–მარტში წარმოიშვა. ეს არის სპაიკ-ცილა, რითიც კორონავირუსი უჯრედებს ემაგრება და შემდეგ მასში შედის. მოხდა მუტაცია, რომელმაც გაუადვილა უჯრედში შეღწევა ვირუსს. მარტივად რომ გითხრათ, ეს ნიშნავს, რომ ვირუსი იმაზე უფრო ადვილად გადამდები შეიძლება იყოს, ვიდრე ის, რაც ჩინეთიდან გავრცელდა“, – განაცხადა იმნაძემ.

როგორც ექიმმა განმარტა, პირველ ეტაპზე, როდესაც ვირუსის შესახებ არაფერი იყო ცნობილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ძირითადი რეკომენდაცია ადამიანების მობილობის მაქსიმალური შეზღუდვა იყო.

სპეციალისტის აზრით, სწორედ ამან უშველა საქართველოს იმ თვალსაზრისით, რომ ინფექცია ფართოდ არ გავრცელდა. ახლა, როდესაც ექიმებისთვის ცნობილია როგორ ებრძოლონ ვირუსს, შეზღუდვა ნაკლებია. მოქალაქეებმა თავად უნდა გამოავლინონ სოციალური თვითშეგნება და დაიცვან წესები, აღნიშნა იმნაძემ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვირუსის გავრცელების არეალი გაფართოვდება. 

თენგიზ ცერცვაძე: საქართველო საზღვრების გახსნას თუ გაუძლებს, ეს იქნება...

რაც შეეხება პანდემიის მეორე ტალღას, რომელიც, პაატა იმნაძის სიტყვებით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკვე შეიმჩნევა, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო „კორონავირუსთან ერთად ცხოვრების“ გაგრძელებას ასეთ სტაბილურ ეპიდემიოლოგიურ ტემპში შეძლებს, შეიძლება მოხდეს ვირუსის განმეორებითი აფეთქების თავიდან აცილება.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 928-ს მიაღწია, აქედან 794 გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2809 ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 229 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.