იყო არჩეული და გქონდეს არჩევის უფლება: პარლამენტარიზმი საქართველოში, ჟვანია და კონსტიტუცია

თამარ მეფის ეპოქიდან მეათე მოწვევის პარლამენტამდე - როგორი იყო ქართული პარლამენტარიზმის ისტორია და როგორ იწერებოდა მატიანე
Sputnik

პარლამენტარიზმის საერთაშორისო დღე, რომელიც 30 ივნისს აღინიშნება, გაერომ შედარებით ახლო წარსულში - 2018 წლის 23 მაისის რეზოლუციით დააფუძნა, რათა ხაზი გაესვა დემოკრატიის განვითარებაში ძლიერი პარლამენტის მნიშვნელობისთვის.

საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც საუკუნოვანი დემოკრატიული ტრადიციები გააჩნია - ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე 2019 წელს აღინიშნა. მაგრამ, როგორც ისტორია ცხადჰყოფს, მისი ფესვები გაცილებით უფრო შორეულ წარსულში უნდა ვეძიოთ.

„Sputnik-საქართველო“ მკითხველს მოუთხრობს, როგორ ჩაისახა და განვითარდა ქართული პარლამენტარიზმი.

პირველი ნაბიჯები

პირველად ქართველებმა ქვეყანაში საკანონმდებლო ორგანოს შექმნა შუა საუკუნეებში - დაახლოებით რვა საუკუნის წინათ სცადეს. თამარ მეფის მმართველობის პერიოდში (1166-1213) პარლამენტის მსგავსი არისტოკრატიული კრების ჩამოყალიბების მცდელობა, სამწუხაროდ, წარუმატებლად დასრულდა. 

საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუცია 36-ჯერ შეცვალა - რისთვის იყო ეს საჭირო

ქართული პარლამენტარიზმის თანამედროვე ისტორია XX საუკუნიდან იწყება - ქვეყნის ისტორიაში პირველად მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნები 1919 წლის თებერვალში ჩატარდა. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთ წელში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა დამფუძნებელი კრება აირჩიეს.

ეს არჩევნები უნიკალური იყო მრავალი თვალსაზრისით. სწორედ მაშინ მიიღეს ქართველმა ქალებმა პირველად ხმის უფლება, მაშინ როცა საარჩევნო პროცესში გენდერული შეზღუდვები მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო. მეტიც, დამფუძნებელ კრებაში ხუთი ქალი აირჩიეს.

გარდა ამისა, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ყველა წარმომადგენელმა არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება მოიპოვა.

ასი წლის წინ დამფუძნებელ კრებაში ადგილებისთვის 15 პოლიტიკური პარტია იბრძოდა. კენჭისყრის შედეგად სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (მენშევიკებმა) 130-დან 109 ადგილი მიიღო. პრეზიდენტად „სოციალ-დემოკრატების“ წარმომადგენელი აირჩიეს, მაშინ როცა ვიცე–პრეზიდენტების თანამდებობები ოპოზიციურ პარტიებს ერგოთ.   

საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცებულია: ვინ მიიღო ისტორიულ კენჭისყრაში მონაწილეობა

მთავრობის მეთაურად დამფუძნებელმა კრებამ 1919 წლის 21 მარტს ნოე ჟორდანია აირჩია, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ჩამოაყალიბა. ივლისში შექმნილი სენატი კი კანონების დაცვას ადევნებდა თვალს.

დამფუძნებელმა კრებამ არსებობის ორი წლის განმავლობაში მიიღო 126 კანონი და პირველი კონსტიტუცია. საკანონმდებლო ორგანო ბოლშევიკებმა საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ დაითხოვეს.

საქართველომ დამოუკიდებლობისა და პარლამენტარიზმის ტრადიციის აღდგენა მხოლოდ 70 წლის შემდეგ შეძლო.

პარლამენტარიზმის სახეები

პირველი დემოკრატიული მრავალპარტიული არჩევნები საქართველოში 1990 წლის ოქტომბერში გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობდა კომუნისტური პარტიაც, მაგრამ ხმათა უმრავლესობა უზენაეს საბჭოში ეროვნულმა ძალებმა მოიპოვეს. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ, შემდეგ კი ქვეყნის პირველ პრეზიდენტად ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ზვიად გამსახურდია აირჩიეს. სწორედ ამ საკანონმდებლო ორგანომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

უზენაესი საბჭო, დამფუძნებელი კრებისგან განსხვავებით, ხელისუფლების სათავეში ერთ წელზე მეტხანს დარჩა - 1992 წელს, სახელმწიფო გადატრიალებისა და პირველი პრეზიდენტის ჩამოგდების შემდეგ, საქართველოში აღადგინეს პირველი კონსტიტუციის მოქმედება და ჩაატარეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ყველა მაშინ არსებულმა პოლიტიკურმა პარტიამ.

არჩევნების დროს ყალიბდებოდა არა მხოლოდ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობა, არამედ ცალკე კენჭისყრის შედეგად აირჩეოდა პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფოს ფაქტობრივი მეთაური. ის გახდა სამშობლოში დაბრუნებული ცენტრალური კომიტეტის ყოფილი პირველი მდივანი და სსრკ-ის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე.

ეს იყო ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში ყველაზე მრავალპარტიული და კოლორიტული პარლამენტი - დაახლოებით 30 სხვადასხვა პარტია წყვეტდა სახელმწიფოსა და ხალხის ბედს. სწორედ ამ პარლამენტმა მიიღო 1995 წელს საქართველოს ახალი კონსტიტუცია, რომლის საფუძველზეც ნოემბერში მომდევნო არჩევნები დაინიშნა. 

საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცებულია... რურუა ისევ პატიმრობაში დატოვეს

ახალი სისტემით არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლო მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებიც 50 ათას ხელმოწერას შეაგროვებდნენ ან რომელთაც კონსტიტუციის მიღების მომენტში პარლამენტში ჰყავდათ წარმომადგენლობა. კანონმდებლობით შეიცვალა პარლამენტართა რაოდენობაც - 150 დეპუტატს  პროპორციული სისტემით,  85–ს კი  მაჟორიტარულით ირჩევდნენ. პარლამენტში ადგილების უმეტესობა დაიკავეს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მხარდამჭერი პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ წარმომადგენლებმა.

შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 1999 წელს ჩატარდა - „საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა“ უმრავლესობა შეინარჩუნა.

 „მე ვარ ქართველი,  და მაშასადამე,  ვარ ევროპელი“

უახლესი ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო ზურაბ ჟვანია. იგი პარლამენტს 1995-2001 წლებში ხელმძღვანელობდა და, შეიძლება ითქვას, ქართული პარლამენტარიზმი ხარისხობრივად ახალ საფეხურზე აიყვანა და ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე ქართულ პოლიტიკაში შესამჩნევი კვალი დატოვა. 

სტრასბურგში ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა

 „მინდა ვიყო ქართულ პოლიტიკაში იმისათვის, რომ ვიყო იმ ადამიანების ხმა, რომელთაც დღევანდელ საქართველოში საშუალო კლასს ეძახიან, ვიყო მასწავლებლის, გლეხის, მუშის ხმა, რომლებიც ამ ქვეყნის მარილს წარმოადგენენ“, - ამბობდა ზურაბ ჟვანია.

ჟვანიას თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველომ პირველი ნაბიჯები გადადგა ევროპული ოჯახისკენ და 1999 წელს ევროპის საბჭოს 41-ე წევრი გახდა.

 „ეს იყო ადამიანი, რომელმაც ქართულ პარლამენტარიზმში ევროპული ტრადიციები შემოიტანა. უმცირესობის უფლებები, ოპოზიციის უფლებები. შეგრძნება იმისა, რომ ოპოზიციაც - შენი პარლამენტის ნაწილია“, - ასე დაახასიათა იგი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, მხუთავი აირით გაიგუდა. იგი 42 წლის იყო.

ჟვანიას სახელი ეწოდა საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთ მოედანსა და ქუჩას, ასევე ქუთაისის სახელმწიფო ადმინისტრირების უმაღლეს სკოლას, რომლის გახსნის ინიციატორიც იგი თავის დროზე იყო. საქართველოს პარლამენტში ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეს მისი ბიუსტი დადგეს.

ზურაბ ჟვანიას დამსახურება ევროპაშიც დააფასეს - სტრასბურგში, ევროპის სასახლის წინ, მის პატივსაცემად გაიხსნა სახელობითი ვარსკვლავი, რომელზეც ამოტვიფრულია მისი ცნობილი ფრაზა - „მე ვარ ქართველი, დავ მაშასადამე, ვარ ევროპელი“, რომელიც მან ეუთოს ცნობილ სხდომაზე წარმოთქვა, როდესაც საქართველო ევროპის საბჭოს წევრი გახდა.

ქართული პარლამენტარიზმის განვითარებასა და დემოკრატიის მშენებლობაში, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში განსაკუთრებული წვლილისთვის, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2014 წლის დეკემბერში ზურაბ ჟვანია სიკვდილის შემდგომ წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.

 „ვარდების რევოლუცია“

2003 წლის საპარლამენტო არჩევნები ედუარდ შევარდნაძის პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირისთვის“ საბედისწერო აღმოჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, პროსახელისუფლებო ძალებმა ამომრჩეველთა ხმების 40% მოიპოვეს, მაშინ როცა ოპოზიციამ ზურაბ ჟვანიას, ნინო ბურჯანაძისა და მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით, ჯამში 28% მიიღო. ოპოზიციის ლიდერებმა არჩევნების შედეგები გაყალბებულად გამოაცხადეს და მოსახლეობას მასობრივი საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდეს. მოგვიანებით ამ საპროტესტო მოძრაობას „ვარდების რევოლუცია“ ეწოდა. მასების ზეწოლით არჩევნების შედეგები ნაწილობრივ გაუქმდა, 2004 წლის 28 მარტს შედგა განმეორებითი კენჭისყრა მხოლოდ პროპორციულ ნაწილში. განმეორებით არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვეს „რევოლუციონერებმა“ – „გაერთიანებულმა მოძრაობა - დემოკრატებმა“. 

საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება

მომდევნო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკვე 2008 წლის მაისში ჩატარდა. რეფერენდუმზე დამტკიცებული ახალი წესების შესაბამისად, არჩეულ დეპუტატთა რაოდენობა 150-მდე შემცირდა. გამარჯვება არჩევნებზე დიდი უპირატესობით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა. ძალაუფლება მან 2012 წლამდე შეინარჩუნა.

ხელისუფლების შეცვლა

კიდევ ერთხელ არჩევნების გზით ხელისუფლება საქართველოში რვა წლის წინ შეიცვალა. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სააკაშვილის პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მარცხი განიცადა, 65 მანდატი მიიღო და უმრავლესობა დაუთმო საარჩევნო ბლოკს „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ (85 მანდატი). პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი.

მეცხრე მოწვევის პარლამენტი 2016 წელს აირჩიეს. „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა შეინარჩუნა.

საიუბილეო მოწვევა

მორიგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის შემოდგომაზეა დანიშნული - ქვეყნის მოსახლეობა 31 ოქტომბერს მეათე მოწვევის პარლამენტს ახალი საარჩევნო სისტემით აირჩევს. 

„ყველაზე გამორჩეული" – თალაკვაძე საგაზაფხულო სესიაზე

საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 150 ადგილიდან 120 გადანაწილდება პარტიებს შორის, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების 1%-ზე მეტს მიიღებენ, ან ბლოკებს შორის, რომლებიც სულ მცირე, იმდენ პროცენტს მიიღებენ, რამდენი სუბიექტიც შედის გაერთიანებაში. დანარჩენი ადგილები გადანაწილდება ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებულ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის.

საქართველოს პარლამენტი არის ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანო და ყალიბდება საყოველთაო თანასწორი არჩევნების შედეგად 4 წლის ვადით. მის შემადგენლობაშია 150 დეპუტატი, რომლებსაც  4 წლის ვადით შერეული სისტემით ირჩევენ.

ქართული პარლამენტის სტრუქტურა დღევანდელი სახით საბოლოო არ არის. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სათანადო პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ საქართველოს პარლამენტში იქნება ორი პალატა - რესპუბლიკის საბჭო და სენატი. რესპუბლიკის საბჭოში გაერთიანდებიან პროპორციული სისტემით არჩეული წევრები, სენატში კი - საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრები, ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ხუთი სენატორი.