ბიჭოლა თეთრაძე რვაწლიან მეგობრობას ემოციური სიტყვებით ეხმაურება. მან დიდი ხნის მეგობარს იულიანა დემენტიევას დაბადების დღეზე ვრცელი პოსტი მიუძღვნა. იუბილარ მოდელთან ერთად გადაღებულმა სექსუალურმა ფოტომ ვნებათაღელვა გამოიწვია. „მეგობრები – ეს არის ოჯახი, რომელსაც თავად ვირჩევთ. ძალიან გამიმართლა, რომ 8 წლის წინ კიევში ვიპოვე მეგობარი, მუზა და გულშემატკივარი, რომელიც ცხოვრებისეული სხვადასხვა მომენტების მიუხედავად იყო და არის ჩემ გვერდით! რა კარგია, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ...“ – წერს ბიჭოლა.
ბიჭოლა თეთრაძის არაორდინალური იდეები არავის აკვირვებს. რამდენიმე წლის წინ დიზაინერი უკრაინაში გადასახლდა და მას მერე უკრაინელ პოპ-დივებსა და ვარსკვლავებს დაუმეგობრდა. მათ შორის არის მომღერალი სვეტლანა ლობოდა, რომელიც ცნობილ ეპატაჟურ ჯგუფ „ვია-გრაში“ მღეროდა, ახლა სოლო კარიერა აქვს და ბიჭოლა გასტროლებზე ხშირად თან ახლავს.
აღსანიშნავია, რომ ანუკი არეშიძე და ბიჭოლა 2014 წლამდე ერთად მუშაობდნენ, მაგრამ მათ შორის განხეთქილებამ ორი დიზაინერი ერთმანეთს დააშორა. არც ბიჭოლას და არც თბილისის მერის მეუღლეს ანუკი არეშიძეს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მოდის მოყვარულების ყურადღებას კვირეული Mercedes Benz Fashion ყოველთვის იქცევს. მოდის ჩვენების ფარგლებში თბილისში უამრავი უცხოელი დიზაინერი ჩამოდის. თბილისში მოდის სამყაროს ერთ-ერთ მთავარ მოვლენას ბიჭოლა ისევ არ დაესწრო. აღსანიშნავია, რომ კვირეული მეათედ გაიმართა. ბიჭოლამ კი, თავის მხრივ, იბიცაზე დასვენების შემდეგ ქართველი მოდელები უკრაინაში გააერთიანა და ჩვენება სწორედ კიევში გამართა. ჩვენების ფოტოები საკუთარ Instagram-ზე გაავრცელა და ამბიციური წარწერა დაურთო. „მიყვარს რასაც ვაკეთებ და ყოველთვის მოვიგებ...“ – დაწერა ბიჭოლამ.
თეთრაძის ჩვენებაზე ქართველ მოდელებს შორის მოდის ინდუსტრიის ახალბედა წარმომადგენელი, 16 წლის მატილდა გვარლიანი და პროფესიონალი მოდელი თამთა შედანია გამოჩნდნენ. უკანასკნელ ჩვენებაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ბიჭოლა კარიერულად განვითარდა და კაბების დიზაინი დახვეწა. მის მიერ შექმნილ სამოსებში თავდაჯერებული ქალის სახასიათო შტრიხები იკვეთება. მათ შორის წითელი, შავი, ყვითელი და ბრჭყვიალა ნაჭრები დომინირებს.