თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ჩინელმა მეცნიერებმა გრიპის ვირუსის ახალი შტამი დააფიქსირეს, რომელსაც ახალი პანდემიის გამოწვევის სერიოზული პოტენციალი აქვს, იუწყება BBC.
გავრცელებული ინფორმაციით, ახლახან გაჩენილი ვირუსის გადამტანები ღორები არიან, თუმცა მას ადამიანების ინფიცირებაც შეუძლია.
მეცნიერებს ძალიან აშფოთებს ის ფაქტი, რომ ვირუსის შემდგომი მუტაცია შესაძლებელს გახდის ადამიანიდან ადამიანზე მის გადაცემას და ახალი გლობალური ეპიდემიის აფეთქებას.
მკვლევარების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის ვითარება ჯერ კიდევ არ არის საგანგაშო, ახალ პათოგენს აქვს ყველა ტიპური მახასიათებელი, რომლებიც ადამიანის ინფიცირების შესაძლებლობის მაღალ ხარისხზე მეტყველებს. შესაბამისად, ვირუსი საგულდაგულო კონტროლს მოითხოვს.
მსგავსი ტიპის ვირუსის ეპიდემია, რომელსაც მსოფლიო შეეჯახა — ღორის გრიპის აფეთქება იყო 2009 წელს, რომელიც მექსიკიდან დაიწყო. ეპიდემიით სიკვდილიანობა მაშინ იმაზე დაბალი გამოდგა, ვიდრე თავიდან ფიქრობდნენ — უმთავრესად იმის გამო, რომ ვირუსი გრიპის წინა წლებში არსებულ სხვა ვირუსებს ჰგავდა და ბევრ ადამიანს მის მიმართ იმუნიტეტი აღმოაჩნდა.
ახლახან გამოვლენილი ვირუსის თავისებურება კი ისაა, რომ ის სრულიად ახალია, არ ჰგავს სხვებს და ადამიანებში მის მიმართ მდგრადობა ან ძალიან დაბალია, ან საერთოდ არ არსებობს.
ამის პარალელურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის კუთხით შესაძლოა უარესი ჯერ კიდევ წინ გვაქვს.
ჯანმოს გენერალური დირექტორის ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, თუ ქვეყნების მთავრობები ეპიდემიის დასათრგუნად გონივრულ პოლიტიკას არ გამოიყენებენ, კორონავირუსით იმაზე მეტი ადამიანი დაინფიცირდება, ვიდრე ახლაა გამოვლენილი.
„ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს დამთავრდეს. ყველას გვსურს დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. მაგრამ მკაცრი რეალობა ისაა, რომ ჩვენ ჯერ ახლოსაც კი არ ვართ [ეპიდემიის] დასრულებასთან“, — განაცხადა ჯანმოს დირექტორმა ბრიფინგზე.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 10 302 052 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გარდაიცვალა 505 505 და განიკურნა 5 235 813 ადამიანი.