ვის უხდის ირაკლი კობახიძე ბოდიშს ოპოზიციის ნაცვლად

გერმანიის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა განაცხადა, რომ „გიორგი რურუა 8 მარტის შეთანხმებაში მოხსენიებული არ არის, ეს აბსოლუტურად ნათელია და ამის წაკითხვა ნებისმიერს შეუძლია“.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის მისამართით ოპოზიციის მხრიდან გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო ბოდიში კიდევ ერთხელ მოიხადა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდით იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეები ასე უმსგავსოდ იქცევიან“, – განაცხადა კობახიძემ.

ხელისუფლების სახელით ელჩს პირველი ოფიციალური ბოდიში „ქართულმა ოცნებამ“ გასულ პარასკევს მოუხადა და არა მარტო ელჩს, არამედ დასავლელ პარტნიორებს, რომელთა მისამართით ოპოზიციის მხრიდან მკვეთრი განცხადებები გაკეთდა. 

საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცებულია: ვინ მიიღო ისტორიულ კენჭისყრაში მონაწილეობა

რადიკალური ოპოზიციის, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ კრიტიკა ჰუბერტ კნირშმა დაიმსახურა მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, რომ 8 მარტს დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით მიღწეულ შეთანხმებაში არ ფიგურირებს „პოლიტპატიმრების“, მათ შორის, გიორგი რურუას გვარი, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია მოითხოვს, და რომელმაც ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ქართული ოცნების“ განცხადებაში ნათქვამია, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ღიად და თავხედურად აცხადებენ უარს იმ შეთანხმების შესრულებაზე, რომელსაც პოლიტიკურმა პარტიებმა ელჩების მხარდაჭერით მოაწერეს ხელი, „უფრო მეტიც, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ ღიად განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ჩაგდებას გეგმავენ“.

„რადიკალური ოპოზიციის ანტიდასავლური კამპანიის ერთგვარი კულმინაცია იყო მათი ლიდერების შალვა ნათელაშვილისა და გიგა ბოკერიას მიერ გერმანიის ელჩის კომენტარის პასუხად გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომლებიც უხეშად არღვევდა ზრდილობისა და ეთიკის ელემენტარულ ნორმებს. ბოკერიას და მისი მეუღლის შეურაცხმყოფელი განცხადებები მოგვიანებით კიდევ უფრო გაამძაფრა ნათელაშვილმა, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ გერმანიის ელჩს, არამედ გერმანელ ხალხსა და გერმანულ სახელმწიფოს, სახელმწიფოს, რომელიც 1990-იანი წლებიდან დგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე“, – ნათქვამია განცხადებაში.  

ნინო ლომჯარია: რურუას საქმეზე კითხვები ჩნდება

გერმანიის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა განაცხადა, რომ „გიორგი რურუა 8 მარტის შეთანხმებაში მოხსენიებული არ არის, ეს აბსოლუტურად ნათელია და ამის წაკითხვა ნებისმიერს შეუძლია“.

ელჩის განცხადებაზე მკვეთრი რეაქცია ჰქონდათ ოპოზიციის წარმომადგენლებს.

მათ შორის არის „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია. ბოკერიას განცხადებით, იგი „უთანაგრძნობს“ გერმანიის ელჩს იმის გამო, რომ „ასეთ არასასიამოვნო სიტუაციაში“ აღმოჩნდა. მისი სიტყვებით, გერმანიის ელჩი ისე გამოიყურება, თითქოს იგი „თარგმანში დაიკარგა, შემდეგ კი იძულებული გახდა ბოდიში მოიხადოს“.

ამავე დროს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ გერმანიის ელჩს ივანიშვილის რეჟიმი აფინანსებს და გერმანიის ხელისუფლებას „სამარცხვინო ელჩის გაწვევისკენ“ მოუწოდა.

საპარლამენტო ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. მათ განაცხადეს, რომ ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერდნენ, თუ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას სრულად შეასრულებდა და პატიმრობიდან გაათავისუფლებდა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" ერთ-ერთ მფლობელს გიორგი რურუას, რომელსაც პოლიტპატიმრად მიიჩნევს. თუმცა, საკონსტიტუციო ცვლილებები პარლმენტმა მათი ხმების გარეშე მიიღო – კანონპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის ოპოზიციისა და დამოუკიდებელი დეპუტატების დიდმა ნაწილმა.

გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.