როდის გაიხსნება საზღვრები და დაიწყება ფრენები – გახარიას პასუხი

საზღვრების გახსნის გადადება განპირობებულია ქვეყნის გარშემო არსებული ეპიდსიტუაციით და მოქალაქეების ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობით.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ როგორც კი შესაძლებლობა იქნება, ფრთხილად გახსნას საზღვრები, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგულარული ავიაფრენების აღდგენის თარიღის გადატანასთან დაკავშირებით.

გახარია: პანდემიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოსთვის ყველაფერი შეცვალა >>

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით და, პირიქით, ევროკავშირიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა აკრძალული არ არის.

„დღეს დაფრინავს ბერლინიც, ვენაც, ამსტერდამიც. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ როგორც კი შესაძლებლობა გვექნება, ფრთხილად გავხსნათ საზღვრები. თითოეული ჩვენი ნაბიჯი, იმ სპეკულირების მაგივრად, რომელსაც ზოგიერთი ტელევიზიით ავრცელებენ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით იდგმება და მიზეზი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაა“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ასევე შეახსენა ყველას, რომ რეგიონის ბევრ ქვეყანაში სერიოზული ეპიდაფეთქებაა. მისი თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობებს სატრანსპორტო თვალსაზრისით არაფერი არ ემუქრება.

საქართველო ცას 1 ივლისიდან გახსნის, მაგრამ არა ყველასთვის: პრემიერის განცხადება

გახარიას თქმით, მთავარ ამოცანას წარმოადგენს ის, რომ ხელისუფლების და მოქალაქეების მიღწევები პანდემიის მართვის კუთხით საერთაშორისო დონეზე იქნას აღიარებული.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ამის არ შემრცხვება და მილიონჯერ გავიმეორებ, რომ თითოეული ნაბიჯი გამოწვეული და განპირობებულია პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთელობით და იმ მიღწევით, რომელიც გვაქვს, როდესაც დღეს, ჩვენი რეგიონისგან განსხვავებით, ყოველდღიური ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ერთნიშნა რიცხვითაა განსაზღვრული, მაშინ, როდესაც ზოგიერთ ქვეყანაში ასობით არის ყოველდღიურად. ამის საშუალებას ჩვენ გვაძლევს ჩვენი მოქალაქეების სწორი ქცევა და ამასთან ერთად საზღვრების და საკარანტინო მექანიზმების ეფექტური კონტროლი“, – განაცხადა გახარიამ.

რეგულარული ავიარეისების აღდგენის 31 ივლისამდე გადადების მიუხედავად, საქართველო კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის ცას 1 ივლისიდან გახსნის.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ თავის საზღვრებს 1 ივლისიდან ხსნის გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის და ამ სიაში საქართველოც მოხვდა.