ლაგოდეხის ნაკრძალი 300 ათასი ევროს დაფინანსებას მიიღებს

კავკასიაში უძველესი, ლაგოდეხის ნაკრძალი იუნესკოს მსოფლიო მნიშვნელობის ბუნების ძეგლთა რიცხვში შედის.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები 300 000 ევროს ღირებულების საერთაშორისო ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას მიიღებს, ნათქვამია გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

რაჭაში ახალი ნაკრძალი გაჩნდება

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის თანამშრომლობის გაგრძელებაზე გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს: საველე პატრულირების დროს რეინჯერების კვებით უზრუნველყოფას, თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი მოტივაციის ამაღლებას.

საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 10 ეროვნული პარკი, 18 აღკვეთილი, 41 ბუნებრივი ძეგლი და ორი დაცული ლანდშაფტია. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი ჯერ კიდევ 1912 წელს შეიქმნა.

ლაგოდეხის ნაკრძალის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს გურგენიანის ჩანჩქერი, რომლის სიმაღლე 40 მეტრს აღემატება. ჩანჩქერამდე მისასვლელი გზა ექსტრემალურად მიიჩნევა.

ლაგოდეხის ნაკრძალი 300 ათასი ევროს დაფინანსებას მიიღებს

ლაგოდეხის ნაკრძალის დამთვალიერებლების წინაშე იშლება მდიდარი ფლორა და ფაუნა. ნაკრძალი იუნესკოს მსოფლიო მნიშვნელობის ბუნების ძეგლთა რიცხვში შედის.

ამჟამად დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი საქართველოში 520 811 ჰექტარს შეადგენს. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75% ტყით არის დაფარული. გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების ფართობები მთელი ქვეყნის მასშტაბით იზრდება.