თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაათვალიერა, იუწყება საქართველოს მთვარობის ადმინისტრაცია.
პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები 17 ხიდზე და 4 გვირაბზე ხორციელდება.
ამჟამად არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, რაც საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას ართულებს.
პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას.
საკურორტო ზონაში ასევე მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა.
პროექტის ფარგლებში აშენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს გაივლის.
პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 329 630 734 ლარია.