პარლამენტში „სასარგებლო ქაოსი" გამეფდება – ექსპერტები კონსტიტუციაში შესწორებებზე

მეათე მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული, ჭრელი და მერყევი იქნება, მაგრამ მასში პირველი ვიოლინოს როლს კვლავ „ქართული ოცნება" შეასრულებს, ასეთია ექსპერტების პროგნოზები.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. როგორ შეიძლება შეიცვალოს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მოსალოდნელია თუ არა რადიკალური ცვლილებები ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შემდეგ – ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ ექსპერტები ესაუბრნენ.

საქართველოს პარლამენტმა ორშაბათს მიიღო შესწორებები კონსტიტუციაში, რომლის თანახმად საპარლამენტო არჩევნები ამ წლის 31 ოქტომბერს ახალი სისტემით ჩატარდება.

კონსტიტუციაში ცვლილებები დამტკიცებულია: როგორ ჩატარდება არჩევნები>>

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 150-დან 120 ადგილი გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების 1%-ზე მეტს მოიპოვებენ, ან იმ ბლოკებს შორის, რომლებიც ხმების არანაკლებ იმდენი პროცენტის მიღებას შეძლებენ, რამდენი პოლიტიკური სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. დანარჩენ ადგილებს 30 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებული კანდიდატები მიიღებენ.

„კარგი დღე" – ოპოზიცია კონსტიტუციაში შესწორებებზე

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, პოლიტიკურ არენაზე ძალების განლაგებაში კარდინალური ცვლილებების მოლოდინი არ ღირს, ლიდერობას კვლავ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" შეინარჩუნებს.

„ეს ქაოსი პროპორციული არჩევნების ირგვლივ უსაფუძვლოა, განსაკუთრებით იმ პარტიების მხრიდან, რომლებიც მაინცდამაინც არ ზრუნავდნენ საკუთარ რეიტინგზე ხალხში და მთელი აქცენტი შიდაპარტიულ და პარტიათაშორის დუელებზე გადაიტანეს. ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ ლიდერის როლი კვლავ მმართველ პარტიას დარჩება", – განაცხადა საყვარელიძემ.

ამასთან ექსპერტმა აღნიშნა, რომ არჩევნების ახალი სისტემა ქმნის მრავალპარტიულ პარლამენტს და ეს მის მუშაობაში გარკვეულ ქაოსს შეიტანს.

„თუმცა პარლამენტი ქმედუნარიანი იქნება, რამდენადაც გადამწყვეტი უმრავლესობა „ოცნებას" დარჩება. ოპოზიცია იყვირებს, მაგრამ არ ექნება იმდენი ხმა, რომ გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს", – განაცხადა საყვარელიძემ.

გახარია: გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები – პრიორიტეტი ნომერი ერთი

პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია კი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში „კადრების დიდი მოძრაობაა" მოსალოდნელი. ამ კუთხით მისი არგუმენტია ის, რომ ქართულ პოლიტიკაში ბევრია „ერთდღიანი პარტია".

„ამას იმით ვხსნი, რომ ბევრი მცირე პოლიტიკური პარტია გარკვეული ინტერესების გასატარებლად გარკვეული დროით იქმნება, რის შემდეგაც ისინი იხურებიან. ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახალ პარლამენტში დიდი მოძრაობა იქნება", – განაცხადა მაისაიამ.

ამასთან პოლიტოლოგმა მაღალი შეფასება მისცა საკონსტიტუციო შესწორებებს, რადგან ამგვარად პარლამენტმა „შეასრულა საზოგადოების, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაკვეთა, რომლებიც ამ შესწორებებს მოითხოვდნენ".

საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცებულია: ვინ მიიღო ისტორიულ კენჭისყრაში მონაწილეობა>>

დღემდე ქვეყნის მთავარ კანონში 150 დეპუტატიდან 73-ს ირჩევდნენ პირდაპირი კენჭისყრით, ხოლო დანარჩენებს – პარტიული სიებით. ამით ოპოზიცია უკმაყოფილო იყო. პოლიტიკური კრიზისის შემდეგ მმართველი პარტია საარჩევნო სისტემის რეფორმას დათანხმდა.