175 ახალი ავტობუსი: რომელ ქალაქებში გამოჩნდება ახალი ტრანსპორტი

მიმდინარე წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტებს 117 ერთეული 8,5-მეტრიანი და 58 ერთეული 10-მეტრიანი ავტობუსები გადაეცემათ.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ექვსი ქალაქისთვის 175 ავტობუსი შეიძინა, ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ქუთაისისთვის შეიძინეს 60 ავტობუსი, რუსთავისთვის – 40, გორისთვის – 30, ზუგდიდისთვის – 25, ხოლო თელავისა და ფოთისთვის – 10-10 ავტობუსი.

ტრანსპორტით კომფორტულად რომ იმგზავროთ – მერიის შეთავაზება თბილისელებს>>>

ავტობუსების შეძენაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა თურქულმა კომპანიამ Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S. კომპანია ვალდებულია მიმდინარე წლის შემოდგომიდან დეკემბრის ბოლომდე პერიოდში მუნიციპალიტეტები 117 ერთეული 8,5-მეტრიანი და 58 ერთეული 10-მეტრიანი ავტობუსებით უზრუნველყოს.

ავტობუსების შესყიდვა საქართველოს საქალაქო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კონტრაქტის საერთო ღირებულება 18,7 მილიონ ევროს შეადგენს.