უცხოელებს საქართველოში ლეგალურად ყოფნის ვადა გაუხანგრძლივდათ

საქართველოში შემოსვლის გამარტივებული რეგულაციები 1 ივლისიდან უცხო ქვეყნის გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს შეეხება
Sputnik

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთათვის საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალური ყოფნის ვადების შესახებ იანვარში მიღებული დადგენილება შეცვალა და ეს ვადა 31 ივლისამდე გააგრძელა.

საქართველო ცას 1 ივლისიდან გახსნის, მაგრამ არა ყველასთვის: პრემიერის განცხადება

ცვლილებები ეხება იმ პირებს, ვინც 2020 წლის 14 მარტისათვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე. ასეთ შემთხვევაში პირი უფლებამოსილია იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე 2020 წლის 31 ივლისამდე, თუ მისი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

  • თუ პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში;
  • თუ საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;
  • თუ პირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება საავადმყოფოში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში;
  • თუ პირმა ვერ დატოვა ქვეყანა დადგენილ ვადაში გაუქმებული ავიარეისების გამო.
გახარია: პანდემიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოსთვის ყველაფერი შეცვალა

მოსალოდნელია, რომ 1 ივლისიდან საქართველოში შემოსვლის გამარტივებული რეგულაციები უცხო ქვეყნის გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს შეეხება - მაგალითად, ბიზნესმენებსა და სტუდენტებს.

კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 21 მარტიდან ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყანამ მთლიანად შეწყვიტა ავიამიმოსვლა და უცხოელებისთვის საზღვრები დაკეტა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი საქართველოში 23 მაისს მოიხსნა, თუმცა ქვეყნის საზღვრები ჯერ კიდევ დაკეტილია, ხოლო რეგულარული საერთაშორისო ავიარეისების განახლება ივლისის ბოლომდე გადაიდო.