ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი - მაშველი ძაღლები პენსიაზე გააცილეს

უწყების ცნობით, მაშველმა ძაღლებმა 12 წელი გაატარეს სამსახურში და ამ ხნის განმავლობაში არაერთ სამაშველო ოპერაციაში აქვთ მონაწილეობა მიღებული
Sputnik

თბილისი, 27 ივნისი - Spuntnik. მაშველი ძაღლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბაზიდან გააცილეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით,  ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი დღეიდან სამსახურებრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ. მათ 12 წელი გაატარეს სამსახურში და ამ ხნის განმავლობაში არაერთ სამაშველო ოპერაციაში აქვთ მონაწილეობა მიღებული.

„დღეიდან ისინი სახანძრო-სამაშველო ძალების განყოფილებებში გადაინაცვლებენ და მათზე ზრუნვას მეხანძრე-მაშველები გააგრძელებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მაშველ ძაღლებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი, მეხანძრე-მაშველები და კინოლოგები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე გამოემშვიდობნენ.